თუ ოპოზიცია მზად არ იქნება შეხვედრისთვის, ევროკავშირში ჩვენი ხედვით წავალთ - სუბარი

პუბლიკა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი აცხადებს, რომ მოლაპარაკების რაუნდებს მნიშვნელობა მაშინ აქვს, როცა ის შედეგზეა ორიენტირებული. მისი თქმით, ოპოზიცია მზად არ არის რეალური მოლაპარაკებისთვის, ამიტომ არ იმართება მომდევნო რაუნდი.

„რაუნდებს მაშინ აქვს მნიშვნელობა, როცა რაღაც შედეგზეა ორიენტირებული. დიდი ხანია არ გამართულა რაუნდი და არანაირი შეხვედრა, იმიტომ, რომ შედეგს ვერ ვხედავთ ვერც ჩვენ და ვერც ფასილიტატორი.

თუ ოპოზიცია მზად იქნება რეალური მოლაპარაკებებისთვის, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ; თუ არ იქნებიან – ისევ და ისევ უაზრო შეხვედრას აზრი არ აქვს. ჩვენ ევროკავშირში წავალთ ჩვენი ხედვით, ჩვენი კონსტიტუციური ჩარჩოთი, სადაც ვიტყვით, რომ ადამიანებმა მიიღეს ხმა, შებრძანდნენ პარლამენტში, თუ ლაპარაკია რიგგარეშე არჩევნებზე, ამისთვისაც მზად ვართ, ოღონდ მიზეზი უნდა გვქონდეს. შესაძლო გაყალბების შესწავლის ყველანაირი ბერკეტი არსებობს.

ოპოზიციას რაღაც ეჭვები თუ ებადება, ჩვენ და ოპოზიციამ ერთად ვთხოვოთ ევროკავშირს, მოავლინოს თავისი ექსპერტები, რომლებიც დასხდებიან საგამოძიებო კომისიაში და ნახავენ, გაყალბდა თუ არა არჩევნები“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.


ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მედიაციით ხელისუფლებასა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა 2 მარტს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა. შეხვედრაზე შედგა 6-პუნქტიანი დოკუმენტი, სადაც მხარეებს შორის განსახილველი საკითხებია ჩამოთვლილი. ოპოზიციის წარმომადგენელთა შეფასებით, აღნიშნულ საკითხებზე პროგრესის მისაღწევად მხარეებს ორკვირიანი ვადა აქვთ, რადგან ირაკლი ღარიბაშვილს 16 მარტს ბრიუსელში დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში აღნიშნული საკითხების გარშემო მიღწეულ პროგრესზე საუბარი ევროპელ მეგობრებთან მოუწევს.