ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, შედგა სატელეფონო კომუნიკაცია Pfizer-ის სათავო ოფისთან და Covax-ის წარმომადგენელთან, დაზუსტდა ვაქცინის მოწოდების პირობები, შემოტანის ეტაპები, ე.წ. ცივი ჯაჭვის მოთხოვნები. ასევე, Pfizer-მა მოითხოვა ინფორმაცია იმ ცენტრებზე, სადაც აეროპორტიდან ვაქცინებს გაანაწილებენ და ვაქცინაციის ადგილებზე ინფორმაცია.
გაბუნიას თქმით, სამედიცინო დაწესებულებები მარეგულირებელმა უკვე შეარჩია და ინფორმაცია Pfizer-ში გააგზავნა.
„წინასწარი ინფორმაციით, ვაქცინის მოწოდება მოხდება 22 მარტის კვირაში, ამდენად მარტის ბოლომდე ვაქცინაციის პროგრამა Pfizer-ის მიმართულებით დაიწყება.
გვაქვს გარკვეული სიახლეები „ასტრაზენეკას“ ვაქცინასთან დაკავშირებით. unicef-მა უკვე მიიღო დასტური ასტრაზენეკასგან პირველი დოზების მოწოდებაზე, ანუ ის ნაწილი ალოკაციის, რომელიც ჩვენთვისაა განკუთვნილი, 129 000 დოზა, რაც მაისის ბოლომდე უნდა მივიღოთ, პირველი ნაწილი ჩამოვა მარტის ბოლომდე და ესეც მოსალოდნელია, რომ 22 მარტის კვირაში მივა unicef-თან და იქიდან ამსტერდამის განაწილების ცენტრისგან საქართველოში გამოიგზავნება“, – განაცხადა გაბუნიამ.