„პასუხისმგებლობის ერთადერთი სწორი ფორმა ამ სიტუაციაში არის ვადამდელი არჩევნების დანიშვნა. ელემენტარულია“,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე სოციალურ ქსელში წერს.
„მხოლოდ სრულიად გაკოტრებულ და ხალხის მოშიშარ ხელისუფლებას შეუძლია ამ სიტუაციაში ვერ დაინახოს რომ არანაირი ლეგიტიმურობა არ გააჩნია და მისი ნებისმიერი ნაბიჯი მხოლოდ აღრმავებს კრიზისს“,- წერს კაპანაძე.
ტელეკომპანია „პირველმა” 6 მარტს გაავრცელა ჩანაწერები, სადაც, სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი, პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი და სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე ფიგურირებენ და გეგმავენ მათთვის ანგარიშის გასწორებას, ვინც სოციალურ ქსლებში ბერა ივანიშვილის მიმართ შეურაცხმყოფელ კომენტარებს წერდა.
ჩანაწერის ავთენტურობა დადგენილი არ არის, თუმცა ტელეკომპანის ჟურნალისტები ამბობენ, რომ მათ ხელში ჩაუვარდათ 4 აუდიოჩანაწერი, რომელთაგან ირკვევა, რომ ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი ამჟამინდელ უმაღლესი თანამდებობის პირებს, სავარაუდოდ, ავალებს გაუსწორნენ მის კრიტიკოსებს, მათ შორის არასრულწლოვანს.
თავის მხრივ ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი და სახელმწიფო დაცვის უფროსი, ჩანაწერის მიხედვით, საუბრობენ ამ დავალებების აღსრულებაზე.