სოციალიზმი რომ ყოფილიყო ამ ქვეყანაში, დღეს ამ პრობლემებზე არ ვისაუბრებდით – ნაცვლიშვილი თურნავას

პუბლიკა

პარლამენტში კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, რომელზეც ეკონომიკისა და გარემოს დაცვის მინისტრებს უსმენენ, ნათია თურნავა დეპუტატების, დარგის სპეციალისტების, ადგილობრივებისა და დაინტერესებული პირების შეკითხვებს პასუხობს.

სხდომაზე იმყოფება საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილიც. მან ნამახვანჰესთან დაკავშირებით ნათია თურნავას შეკითხვები დაუსვა. თურნავამ მის საპასუხოდ განაცხადა, რომ „ნაცვლიშვილის იდეები მიმართულია, ძირითადად, სოციალისტური მეურნეობის აღდგენისკენ“.

„ბ-ნ ბექა ნაცვლიშვილს, ზოგადად, მის თანმიმდევრულობას და იდეებს ვიცნობთ და პატივს ვცემთ, თუმცა არ ვიზიარებთ, იმიტომ, რომ ეს იდეები მიმართულია, ძირითადად, სოციალისტური მეურნეობის აღდგენისკენ, თუმცა მისი უფლებაა, რა თქმა უნდა“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ბექა ნაცვლიშვილმა ნათია თურნავას მიმართა და სთხოვა, რომ „სოციალიზმს ნუ მოიხსენიებთ, როგორც რაღაცა კოსმოსურ იდეოლოგიას“.

„კიდევ ერთხელ გთხოვთ იმიტომ, რომ მთავრობის წევრებს ახასიათებს – სოციალიზმს ნუ მოიხსენიებთ, როგორც რაღაცა კოსმოსურ იდეოლოგიას. სოციალიზმი რომ ყოფილიყო ამ ქვეყანაში სხვანაირი და არა საბჭოთა სოციალიზმი, აი ამ პრობლემებზე დღეს არ ვისაუბრებდით და ამხელა დისბალანსი ვაჭრობაში დღეს ჩვენ არ გვექნებოდა“,  – მიმართა ნაცვლიშვილმა თურნავას.

ეკონომიკის მინისტრმა ნაცვლიშვილის საპასუხოდ აღნიშნა, რომ „სოციალიზმი არის იდეოლოგია, რომელსაც აქვს არსებობის უფლება“:

„მე კიდევ ერთხელ კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩემი პატივისცემა. ის, რომ მე არ ვიზიარებ და ოფიციალური ჩვენი იდეოლოგია არ იზიარებს თქვენს მიდგომებს არ ნიშნავს, რომ მე პატივს არ ვცემ თქვენს შეხედულებებს“, – განმარტა თურნავამ.