„ENKA სასამართლოზე არ გამოცხადდა. საქმის განხილვას ხელოვნურად აჭიანურებენ" - საია

პუბლიკა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ცნობით, დღეს, 10 მარტს, 12 საათზე წყალტუბოს მაგისტრატ სასამართლოში უნდა დაწყებულიყო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა კომპანია „ენკა რინიუებზლის“ მიმართ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული მთელი რიგი პირობების დარღვევის გამო.

ორგანიზაციის ცნობით, საიას ქუთაისის ფილიალის იურისტები და მოსარჩელე მაკა სულაძე გამოცხადდნენ სხდომაზე, თუმცა აღნიშნული პროცესი ნამახვანჰესის  კასკადის მშენებელი კომპანიის მხრიდან არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო გაურკვეველი ვადით გადაიდო.

„სასამართლოსთვის უცნობია მხარის სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზი, რადგან კომპანია „ენკა რინიუებზლს“ საქმის განმხილველი სასამართლოსთვის არ წარუდგენია საპატიო მიზეზით სხდომაზე გამოუცხადებლობის დამადასტურებელი რაიმე სახის დოკუმენტი.

როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, მას სასამართლოსთვის საქმესთან დაკავშირებით არც სხვა დამატებითი დოკუმენტაცია არ წარუდგენია ამ დროისთვის, რაც დაადასტურებდა მშენებელი კომპანიის მხრიდან იმ პირობების შესრულებას, რომელიც ჯერ კიდევ ჰესის მშენებლობის დაწყებამდე უნდა შეესრულებინა.  აღნიშნული სამართალდარღვევის ოქმით  ირკვევა, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჯერ კიდევ 2020 წლის 16 ოქტომბერს დაათვალიერეს პროექტის განხორციელებისთვის გათვალისწინებული ტერიტორია.

ინსპექტირების შედეგად დეპარტამენტმა დაადგინა, რომ შპს „ენკა რინიუებზლს“ არა აქვს შესრულებული როგორც   ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით,  ასევე   გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2020 წლის 28 თებერვლის # 2-191 ბრძანების საფუძველზე გაცემული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული  15 პირობა.  თუმცა, სამინისტრო ამ ინფორმაციას არ ასაჯაროვებდა და ის საზოგადოებითვის ცნობილი გახდა მოგვიანებით, 4 თვის შემდეგ, „მწვანე ალტერნატივას“ საჩივრის საფუძველზე”, – წერს საია.

„პუბლიკა” დაუკავშირდა კომპანია „ენკას”, თუ რატომ არ დაესწრო მხარე სასამართლო სხდომას. პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.