ქუთაისში ნამახვანჰესზე შეხვედრა მინისტრებმა – ნათია თურნავამ და ლევან დავითაშვილმა განცხადებისა და მედიასთან კომენტარის გაკეთების შემდეგ დატოვეს.
ქუთაისის მერიაში ჰესთან დაკავშირებით მსჯელობა ადგილობრივი მოსახლეობის, დარგის ექსპერტებისა და მინისტრების მონაწილეობით უნდა გამართულიყო.
შეხვედრის დაწყებამდე ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ შეკრებულ საზოგადოებას რამდენიმე სიახლის შესახებ აცნობა. მოკლე კომენტარი ასევე გააკეთა გარემოს დაცვის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა. შემდეგ ისინი მედიასთან კომენტარის გასაკეთებლად გავიდნენ ოთახიდან და უკან შეხვედრაზე აღარ დაბრუნებულან. მოსახლეობასთან შეხვედრაზე სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის” წარმომადგენლები დარჩნენ.
„ჩვენ ჟურნალისტებს დავპირდით კომენტარის მიცემას, ცოტა ხნით დაგტოვებთ და ქალბატონი ნინო გაუძღვება”, – განაცხადა თურნავამ განცხადების გაკეთების შემდეგ.
ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, მინისტრების წასვლამ გამორიცხა დიალოგის გაგრძელების შესაძლებლობა. ამის გამო შეხვედრა აღარ გაგრძელებულა.
პირობა, რომ რიონის ხეობის მცველებთან ჰესთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართებოდა, მინისტრებმა 5 მარტს განაცხადეს. ამ დღეს ისინი ცაგერის კულტურის სახლში მოქალაქეებს შეხვდნენ. ამ შეხვედრას არ დასწრებიან რიონის ხეობის მცველები, ვინაიდან დაანონსებული ფორმატი მათთვის მიუღებელი იყო. ცაგერში შეხვედრის შემდეგ მინისტრები სოფელ ნამოხვანში თავად ჩავიდნენ, სადაც შესთავაზეს რიონის ხეობის მცველებს, სასურველ ფორმატთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მათ თავად მიეღოთ და ეცნობებინათ მათთვის. მათ ასევე მზაობა გამოთქვეს, რომ შეხვედრას დაესწრონ ის ექსპერტები, რომელიც მოსახლეობას სურს და რომ შეხვედრა იყოს საჯარო.