COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა საქართველოშია

პუბლიკა

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა საქართველოშია – შვედურ-ბრიტანული კომპანიის მიერ წარმოებული, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის „ასტრაზენეკას“ პირველი პარტიის 43 200 დოზა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს დილით ჩამოვიდა, – ინფორმაციას ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ასევე, უწყების ცნობით, COVAX-პლატფორმიდან საქართველოსთვის „ასტრაზენეკას“ 129 600 დოზა, ხოლო „ფაიზერის“ 29 250 დოზაა გამოყოფილი, რომლის მოწოდება მაისის ბოლომდე დასრულდება.

„ვაქცინების განაწილება და სრულად მიწოდება რეგიონებსა და მუნიციპალიტეტებში მიმდინარე შაბათ-კვირას დასრულდება.

ვაქცინაციის პროცესი ორშაბათს, 15 მარტიდან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შერჩეულ სამედიცინო დაწესებულებებში დაიწყება.

ეროვნული გეგმის შესაბამისად, ვაქცინაცია სამედიცინო პერსონალით დაიწყება.

პირველ ეტაპზე აიცრება ის პერსონალი, რომელთაც COVID-ინფიცირების სტატუსი ბოლო 120 დღის მანძილზე არ აქვთ. ბოლო მონაცემებით ელექტრონულ პორტალზე რეგისტრირებულია 64 051 პირი, რომელთაგან აცრას დაქვემდებარებული პირების რაოდენობა 54 000-ს შეადგენს”, – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

COVID-19-ით ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა!

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID-19-ით ვაქცინაციას!