დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, AstraZeneca-ს 86 000 დოზა აპრილის მეორე ნახევარში შემოვა.
„ეს ვაქცინა კეთდება ორჯერადად, ანუ მეორე აცრა, რევაქცინაცია იქნება რვიდან 12 კვირის ფარგლებში. ამისთვის, შესაბამისი დადასტურებაა უკვე, რომ 86 000 დოზა შემოვა აპრილის მეორე ნახევარში, იგივე AstraZeneca“, – განაცხადა გამყრეკლიძემ.
გამყრელიძის თქმით, სამედიცინო პერსონალის შემდეგ ვაქცინაციის პროცესში პრიორიტეტულია მოხუცთა თავშესაფრების ხანდაზმულების ჯგუფი.
„ჩვენ მაქსიმალურად გვინდა, რომ მოვიცვათ სამედიცინო პერსონალი და რა თქმა უნდა, შემდგომი პრიორიტეტული ჯგუფი გახლავთ უკვე მოხუცთა სახლებში მყოფი ხანდაზმულები და მათი მომვლელი პერსონალი, რომელიც ერთიანად არის 2 000 ადამიანი. შემდეგ გადავალთ უკვე მესამე პრიორიტეტულ ჯგუფზე, ეს გახლავთ უკვე ასაკობრივი პრიორიტეტიზაცია, 75 წელს ზემოთ მოსახლეობა და ასე მივყვებით ჩვენი გეგმის მიხედვით, რომლის მიხედვითაც, წელს ქვეყანაში უნდა აიცრას 1 700 000 ადამიანი ორჯერადად. ანუ ეს არის დაახლოებით 3 400 000 დოზა“, – თქვა გამყრელიძემ.
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა საქართველოშია – შვედურ-ბრიტანული კომპანიის AstraZeneca-ს მიერ წარმოებული, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტიის 43 200 დოზა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს დილით ჩამოვიდა, – ინფორმაციას ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ასევე, უწყების ცნობით, COVAX-პლატფორმიდან საქართველოსთვის AstraZeneca-ს 129 600 დოზა, ხოლო Pfizer-ის 29 250 დოზაა გამოყოფილი, რომლის მოწოდება მაისის ბოლომდე დასრულდება.
„ვაქცინების განაწილება და სრულად მიწოდება რეგიონებსა და მუნიციპალიტეტებში მიმდინარე შაბათ-კვირას დასრულდება.
ვაქცინაციის პროცესი ორშაბათს, 15 მარტიდან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შერჩეულ სამედიცინო დაწესებულებებში დაიწყება.
ეროვნული გეგმის შესაბამისად, ვაქცინაცია სამედიცინო პერსონალით დაიწყება.