თუკი მოთხოვნები არ შესრულდება, შემდეგი აქცია პარლამენტთან ჩატარდება - გოლეთიანი

პუბლიკა

„შემდეგი აქცია ჩატარდება პარლამენტთან, თუკი ჩვენი მოთხოვნები არ იქნება შესრულებული”, – ამის შესახებ ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტმა ვარლამ გოლეთიანმა ქუთაისში მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

მან ასევე მოუწოდა პრემიერ-მინისტრს და აღნიშნა, რომ თუკი ისინი არ გაითვალისწინებენ „ათასობით, ათიათასობით ადამიანის პოზიციას, შეიქმნება საინიციატივო ჯგუფები რეგიონებში, დაიძრებიან თბილისში და იქნებიან გაცილებით მეტნი”.

„ეს არის იმ ულტიმატუმის ნაწილი, რასაც ჩვენ დღესაც ვაჟღერებთ. იმ სურათს რასაც ისინი მიიღებენ თბილისში, არ იქნება ისეთი, რაც არის დღეს. ჩვენ ვიქნებით გაცილებით უფრო მეტნი, ვიდრე დღეს ვართ.

ჩვენ შევაჯანჯღარებთ ხელისუფლებას, რომელიც თვლის, რომ მან ერთპიროვნულად უნდა მიიღოს ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც არის მხოლოდ და მხოლოდ კოლექტიური გადაწყვეტილების საგანი. არ შეიძლება ცალკეულმა ხელისუფალმა გადაწყვიტოს ისეთი რამ, რასაც ამდენი ხალხი ეწინააღმდეგება. ეს არის მიწების საკითხი, და არამარტო.

ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მათ, მოეგონ გონს. ჩვენ არ გვინდა, რომ გადავზარდოთ ეს ყველაფერი ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნებში და წავიდეთ რევოლუციური სცენარებით. თუმცა, ყველა ვხედავთ, რომ ეს აბსოლუტურად შესაძლებელი პროცესია და შეიძლება ეს არ გაგვიჭირდეს, როცა ვხედავთ, რომ ამდენი ადამიანი დგას ამ მოედანზე და კიდევ უფრო მეტი ადამიანი მოემატება ჩვენს ერთობას.

ამიტომ, კიდევ ერთხელ ვამბობთ, მათ უნდა იგრძნონ პასუხისმგებლობა, შეასრულონ დაქირავებული ხელისუფალის როლი და შეასრულონ დაკვეთა საზოგადოების… ჩვენ მოვითხოვთ, რომ ქართველი ხალხის ნება იყოს გათვალისწინებული. ნუ მიგვიყვანენ რადიკალიზებამდე, რომ მათ ვუთხრათ – წადი, იმიტომ, რომ თქვენ ჩვენ არ გვემორჩილებით”, – განაცხადა გოლეთიანმა.

ჰესთან დაკავშირებულ მოთხოვნებს, აქციაზე ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას გადადგომის მოთხოვნაც დაემატა. 

მისივე თქმით, რაც შეეხება დღევანდელ აქციას, აქციის მონაწილეთა ნაწილი დარჩება ქუთაისში მთელი ღამის განმავლობაში. როგორც ის ამბობს, შეიქმნება ჯგუფები, რათა კიდევ უფრო მეტად გაძლიერდნენ.

„28 თებერვლის აქციის შემდეგ ნამოხვანში უამრავი ადამიანი შემოგვიერთდა და დაახლოებით იქ ყოველდღიურად 80-მდე ადამიანი ათევს ღამეს. რადგან კომპანიას განზრახული აქვს, რომ სამუშაო პროცესი უნდა განაახლოს, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მათ, ვერ შეძლებენ ისინი პროცესის განახლებას, ჩვენ, ქართველი ხალხი უზრუნველვყოფთ ამას”, – განაცხადა გოლეთიანმა.

მან კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმას, რომ მათი პროტესტი მშვიდობიანი და არ გასცდება კანონის ფარგლებს. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი საკითხები [დიდი ჰესების აშენება] წყდებოდეს რეფერენდუმის გზით.

„ჩვენ გვინდა, რომ ჩამოვყალიბდეთ ისეთ სამოქალაქო საზოგადოებად, რომელსაც ექნება უფლება, რომ მოვითხოვოთ რეფერენდუმი, რომ მსგავსი საკითხები გადაწყდეს სწორედ რეფერენდუმით”, – განაცხადა მან.


ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნებია:

„გაუქმდეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის #2405 განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ენკა რინიუებლზისათვის” აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ”;

2. მოგლეჯილი ჯვარი დაუბრუნდეს თავის ადგილს.

3. გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი.

4. კომპანია „ენკა რინიუებლზმა” დატოვოს რიონის ხეობა”.