უკვე ვხედავთ, რომ მედიატორი ისეთ წინადადებას არ დააყენებს, რომელიც სამართლიანობის პრინციპს ეწინააღმდეგება - კობახიძე

პუბლიკა

„ეს შეგვიძლია დარწმუნებით გითხრათ, უკვე ვხედავთ იმას, რომ მედიატორი არცერთ ისეთ წინადადებას არ დააყენებს, რომელიც ეწინააღმდეგება სამართლიანობის პრინციპს”, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელთან კრისტიან დანიელსონთან „ოცნების“ წარმომადგენლებთან დღევანდელი შეხვედრა ცოტა ხნის დასრულდა.

„ყოველი შემდეგი შეხვედრა, ნიშნავს წინ წაწევას კონკრეტული მიმართულებებით. არის ძალიან საინტერესო და კონსტრუქციული დისკუსიები, ყველა მიმართულებით, ყველა ასპექტში. გვაქვს იმედი, რომ ეს დისკუსიები საბოლოო ჯამში დასრულდება შედეგით, კერძოდ, შეთანხმების ხელმოწერით…

საკითხი ზოგადად, რთულია. განსხვავებული პოზიციები არსებობს თვითონ შეფასებებთან დაკავშირებით, ჩვენ ვამტკიცებდით იმას, რომ არჩევნები კი არ გაყალბდა, არამედ ოპოზიციამ გააყალბა PVT და ეს დავამტკიცეთ. ოპოზიცია ამტკიცებდა იმას, რომ არჩევნები გაყალბდა და ეს ვერ დაამტკიცა. აქ უკვე არის რადიკალური აზრთა სხვადასხვაობა. შესაბამისად, ეს აისახება შეთანხმების კონკრეტულ პუნქტებზეც. რთულია ბუნებრივია დისკუსია. ოპოზიცია იმასაც ამბობს, რომ საქართველოში არიან პოლიტპატიმრები, ჩვენ და საზოგადოებამ კი იცის, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არიან. საქართველოში არიან კრიმინალები პოლიტიკაში, მაგრამ არ არის პოლიტპატიმრები. ეს ყველამ ძალიან კარგად იცის… შესაბამისად აქ არის პრინციპული აზრთა სხვადასხვაობა და ეს აისახება შეთანხმების პუნქტებზეც. ამიტომ, ბუნებრივია, რომ რთულია კონსულტაციები და დისკუსია, რთული ამოცანა აქვს დანიელსონს, თუმცა მე იმედს ვიტოვებ, რომ შეთანხმებამდე მივა ეს პროცესი”, – განაცხადა კობახიძემ.

შეკითხვაზე, გაიმართება თუ არა ხვალ ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრა, კობახიძე პასუხობს, რომ:

„ვნახოთ, ყველაფერი დამოკიდებულია დიალოგის პროცესზე. თუ გვექნება საკმარისი პროგრესი, ამ შემთხვევაში შეიძლება, რომ ერთობლივი შეხვედრა დაიგეგმოს და გაიმართოს”, – განაცხადა მან.