პატიმრების თემის შემოტანა ხელს უშლის შეთანხმებას | თალაკვაძე

პუბლიკა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელთან კრისტიან დანიელსონთან „ოცნების“ წარმომადგენლებთან შეხვედრა დასრულდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ პუნქტებში, რომელთა განხილვაც მიმდინარეობს პოზიციების დაახლოების კუთხით მნიშვნელოვანი წინსვლაა.

„გვქონდა კიდევ ერთი საქმიანი შეხვედრა. პროცესი წინ მიდის, მოლაპარაკებები გრძრელდება. ვფიქრობ უკვე შეთანხმების პუნქტები ყალიბდება იმ ფორმით, რომ პოზიციების დაახლოება შესაძლებელია. იმედს ვიტოვებ რომ ორივე მხრიდან კონსტრუქციული მიდგომებით შევძლებთ ამოვწუროთ ეს უთანხმოება.“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

თალაკვაძეს ჟურნალისტებმა კითხვა პოლიტპატიმრების თემაზეც დაუსვეს. მისი თქმით, პატიმრების თემის შემოტანა ხელს უშლის შეთანხმებას.

„პატიმრების თემის შემოტანა ხელს უშლის შეთანხმებას. ეს არის პოლიტიზირების მცდელობა იმ ფონზე, როცა ოპოზიცია მართლმსაჯულების დეპოლიტიზაციის მოთხოვნას აყენებს. ერთი ხელით როცა გთხოვენ მართლმსაჯულების დეპოლიტიზაციას და მეორე ხელით გთხოვენ პოლიტიკური დავალება მისცე სისტემას რომ ვინმე გაათავისუფლოს ალბათ გესმით, რომ წინააღმდეგობაში მოდის ერთმანეთთან. შეთანახმებას და პოლიტიკურ მშვიდობას ბევრად უფრო დაეხმარება თუ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებს პოლიტიკურ წონას არ ჩამოვკიდებთ და გავიტანთ პარტიებს შორის მოლაპარაკებებიდან. ეს იქნებოდა სწორი სამართლებრივად და ლოგიკური კონსტიტუციურად.“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, ოპოზიციის ლიდერთა შორის რამდენიმე ადამიანია, რომელიც ცდილობს ხელი შეუშალოს მოლაპარაკებების პროცეს.

„ეს არის განსხვავებები და დაპირისპირების საკითხები რაზეც ახლა კონცენტრაცია იქნება ნაკლებ პროდუქტიული და უმჯობესია კონცენტრაცია გავაკეთოთ საკითხებზე რაზეც შეთანხმება შესაძლებელია და რაც ჩვენი ქვეყნის და საზოგადოების ინტერესებშია.“ – განაცხადა თალაკვაძემ.