საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში AstraZeneca-ს ვაქცინით აიცრა.
პრეზიდენტს კლინიკაში საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ და მარინა ეზუგბაიამ უმასპინძლეს.
სალომე ზურაბიშვილი დაინტერესდა, მერამდენე იყო დღეს აცრილთა სიაში. პრეზიდენტს უთხრეს, რომ ის მე-60 ადამიანი იყო, ვინც 18 მარტის 13:00-ისთვის ინფექციურ კლინიკაში აიცრა.
მედიკოსები დაინტერესდნენ, აქვს თუ არა პრეზიდენტს რამეზე ალერგია, ხომ არ ჩაუტარებია აცრა ბოლო 2 კვირის განმავლობაში, აქვს თუ არა ქრონიკული დაავადება ან იღებს თუ არა სისხლის გამათხელებლებს.
ვაქცინის გაკეთების შემდეგ პრეზიდენტი დაინტერესდა, როდის უნდა მისულიყო განმეორებით აცრაზე (4-დან 12 კვირამდე) და დღეს, თავის დაბადების დღეზე შეეძლო თუ არა ალკოჰოლის მიღება, რაზეც უარყოფითი პასუხი მიიღო.
„დღეს ჩავიტარე ურიგოდ აცრა, რამეთუ არც პრეზიდენტს ეკუთვნის და არც ჯგუფში ვარ, რომელსაც ეკუთვნის. ჯერ რიგი არის ექიმების, ექთნების და იმ მედპერსონალის, რომლებმაც გაიარა ეს თვეები მძიმედ და ნამდვილად საჭიროა, მათ აიცრან, იმისთვის, რომ გადამდები არ იყვნენ და დაცული იყვნენ, რამეთუ მათზე არის ძალიან ბევრი.
მერე დაიწყება შემდეგი ჯგუფების რიგი და თუ გვინდა, მძიმე ეკონომიკური შედეგებიდან გამოვიდეთ, რომელიც მსოფლიოში პანდემიას მოჰყვა, აუცილებელია, გამოვიყენოთ ეს საშუალება, რამეთუ დავიცვათ საზოგადოება და ქვეყანა და გამოვიდეთ კრიზისიდან“, – მიმართა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა საზოგადოებას.