ბაიდენის თქმით, თუ გამოძიებით დადასტურდება, სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული გუბერნატორი უნდა გადადგეს

პუბლიკა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორი, ენდრიუ კუომო უნდა გადადგეს, თუკი მისი მხრიდან სექსუალური შევიწროების ბრალდება დადასტურდება.

ABC News-ის შეკითხვაზე, უნდა გადადგეს თუ არა კუომო, თუკი ქალის ბრალდებები დადასტურდა, ბაიდენი დადებითად პასუხობს და დასძენს, რომ „შესაძლოა, სისხლის სამართლის წესით დევნაც დაიწყოს“.

„ვნახოთ, რას დაადგენს გამოძიება“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

ნიუ-იორკის გუბერნატორს არაერთი ქალის სექსუალურ შევიწროებასა და არასათანადო ქცევაში ადანაშაულებენ, რომელთა შორის არიან ყოფილი თანამშრომლებიც. ისინი კუომოს სამუშაო ადგილზე შევიწროებაში ადანაშაულებენ. მათივე თქმით, გუბერნატორი მათ დამამცირებელ, მოფერებით სახელებს ეძახდა, სურვილის საწინააღმდეგოდ კოცნიდა და ეხებოდა, უსვამდა კითხვებს მათი სექსუალური ცხოვრების შესახებ, გარეგნობაზე კომენტარებით კი მათ გასაგნებას ეწეოდა.

კუომოს ასევე ადანაშაულებენ, რომ თანამშრომელს პერანგის ქვეშ ხელი შეუცურა.

თუმცა თავად 63 წლის გუბერნატორი ამ ბრალდებებს უარყოფს და უარს ამბობს გადადგომაზე. თებერვლის შემდეგ რვა ქალმა ისაუბრა კუომოს მხრიდან მათი მისამართით არასათანადო სიტყვებისა და ჟესტების გამოყენების შესახებ.

„ბრალდებები დამაჯერებელი და სერიოზულია“, – თქვა წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ და გუბერნატორს მოუწოდა, გადამდგარიყო.