ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, იმუნიზაციის ექსპერტთა ჯგუფმა გვერდითი მოვლენების მართვის კომიტეტთან ერთად დღეს ევროპის მარეგულირებელ სააგენტოს მიერ გაკეთებულ დასკვნაზე დაყრდნობით გადაწყვიტა, რომ AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენება არ შეჩერდება და ვაქცინაცია გაგრძელდება.
„დღეს მნიშვნელოვანი განცხადება გაკეთდა ევროპის მარეგულირებელი სააგენტოს მხრიდან. რამდენიმე წუთის წინ ჩვენ შევიტყვეთ AstraZeneca-ს შესახებ გაკეთებული დასკვნა. ის შეფასდა უსაფრთხო ვაქცინად, რაც არ აძლევს არც ერთ ქვეყანას იმის საფუძველს, რომ შეჩერდეს AstraZeneca-ს მოხმარება. აქედან გამომდინარე, საბჭომ მიიღო ერთობლივი გადაწყვეტილება, რომ საქართველოში AstraZeneca-ს ვაქცინით ვაქცინაციის პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდება“, – განაცხადა ტიკარაძემ.
რაც შეეხება ახალციხეში მომხდარ შემთხვევას, ჯანდაცვის მინისტრის თქმით, რეგულირების სააგენტომ დაიწყო ფაქტის შესწავლა და ინფორმაცია გადასცა გვერდითი მოვლენების მართვის კომიტეტს. კომიტეტი, ტიკარაძის თქმით, თავის მხრივ მოიკვლევს ამ ფაქტს და საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის.
ტიკარაძის თქმით, ასევე, ექიმების მულტიპროფილური გუნდი დღეს 21:00 საათზე გამართავს კონსილიუმს ახალცხიდიან თბილისში გადმოყვანილი ექთნის მდგომარეობის შესახებ.