ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ვაქცინაციის პროცესში ასაკობრივი ჯგუფები ჩაერთვებიან.
„მოხდება ასაკობრივი ჯგუფების დამატება ვაქცინაციის პროცესში, კერძოდ 65 წელს ზევით ჩვენი მოქალაქეებისთვის შესაძლებელი გახდება ვაქცინაციაზე ხელმისაწვდომობა.
ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ეს ჯგუფები გახლავთ ის მოწყვლადი ჯგუფები, რომლებისთვისაც Covid-ინფექცია არის ერთ-ერთი ყველაზე საშიში, აქედან გამომდინარე, ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ პროცესი დაგვეჩქარებინა”, – განაცხადა ტიკარაძემ.
მისი თქმით, რეგისტრაციისთვის პორტალი ხელმისაწვდომი იქნება 25 მარტიდან, წინა პერიოდში კი, მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, ცხელ ხაზზე – 15 22-ზე მიიღონ ყველა საჭირო ინფორმაცია რეგისტრაციისთვის.
„სამედიცინო პერსონალის კომპონენტში ვაქცინაციის პროცესი გაგრძელდება. უბრალოდ, 25 რიცხვის შემდეგ ჩვენი ექიმები ვერ გამოიყენებენ რიგის მართვის კომპონენტს, რაზე ხელმისაწვდომობაც მათ ამ პერიოდში ჰქონდათ”, – აღნიშნა ტიკარაძემ.
ეროვნული გეგმის შესაბამისად, საქართველოში ვაქცინაცია სამედიცინო პერსონალით დაიწყო.