ვენეციის კომისია და ეუთო/ოდირი პარტიების დაფინანსებისა და რეგისტრაციის გაუქმების კანონპროექტებს აკრიტიკებს

პუბლიკა

ვენეციის კომისია და ეუთო/ოდირი აქვეყნებს დასკვნას, რომელიც საარჩევნო კოდექსში, ორგანულ კანონში „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ და პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების პროექტს ეხება:

„პოლიტიკური პარტიებისა და არა ცალკეული დეპუტატების სანქცირება დაფინანსების 6 თვით შეწყვეტის სახით იმ შემთხვევაში, თუ ისინი საპარლამენტო სხდომებისა და სესიების დიდ ნაწილს არ დაესწრებიან, არაპროპორციულად აღიქმება და წინააღმდეგობაში მოდის პარლამენტის რეგლამენტთან, რომელიც უკვე ნათლად და დაბალანსებულად არეგულირებს მსგავს საკითხებს“, – ვკითხულობთ დასკვნაში.

როგორც კომისიის დასკვნაშია აღნიშნული, არაპროპორციულად აღიქმება საპარლამენტო რეგლამენტის შესწორების საკითხიც, რომელიც ამავე შემთხვევაში დეპუტატის ანაზღაურების დაქვითვას ითვალისწინებს. როგორც კომისია აღნიშნავს, ეს შემოთავაზება, დიდი ალბათობით, წინააღმდეგობაში მოვა საქართველოს კონსტიტუციასთანაც, რომელიც დეპუტატების ანაზღაურების აუცილებლობას ადგენს.

„საბოლოოდ, ჩამოთვლილი შესწორებების შედეგად, საარჩევნო კოდექსში შემოთავაზებული ცვლილებები პოლიტიკური პარტიების თანასწორუფლებიანობას დაარღვევს – მათთვის უფასო საეთერო დროზე უარის თქმით, თუ ისინი სახელმწიფო დაფინანსებას არ მიიღებენ.

ამ პარტიებისთვის უფასო საეთერო დროზე უარის თქმა არაპროპორციული და უსაფუძვლოა, რადგან ზუსტად იმ პარტიებს სჭირდებათ უფასო საეთერო დრო (თავიანთი ხმისა და პროგრამის ამომრჩევლებამდე მიწვდენისათვის), რომლებსაც ნაკლები დაფინანსება აქვთ“, – აღნიშნულია დასკვნაში.

როგორც ვენეციის კომისია აღნიშნავს, უფასო საეთერო დროზე უარის თქმა იმ ინფორმაციაზე წვდომას შეზღუდავს, რომელიც ამომრჩევლებს ინფორმირებული არჩევანის გაკეთებისთვის სჭირდებათ. ამას გარდა, კომისია დასძენს, რომ მიზნის მიღწევისათვის უფრო პროპორციული გზებიც არსებობს, მაგალითად, მათი ქმედებების გამო ინდივიდუალური დეპუტატების შედეგის წინაშე დაყენება.

„პოლიტიკური პრულარიზმისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ჯეროვანი ფუნქციონირების უზრუნველყოფის თვალსაზრისით, ვენეციის კომისია და ეუთო/ოდირი გასცემენ ერთ მთავარ რეკომანდაციას – გადაიხედოს შემოთავაზებული შესწორების მიღების საკითხი“, – აღნიშნულია დასკვნაში.

კიდევ ერთ რეკომენდაციაში, ვენეციის კომისია და ეუთო/ოდირი მოუწოდებენ საქართველოს, „გადახედონ საარჩევნო კოდექსის 791-ე მუხლის განახლებული ვერსიის მიღებას, რომელიც ეხება უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც ასრულებენ პარტიის ლიდერის ფუნქციებს საარჩევნო კამპანიის პერიოდში“.

„ამ ცვლილების მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს პოლიტიკური პლურალიზმის გაუმართლებელი შეზღუდვა. ვენეციის კომისიის გაფრთხილებაში ჩამოთვლილია რამდენიმე პრობლემა. შემოთავაზებული ცვლილება მკაფიოდ არ ადგენს, რა კრიტერიუმებით უნდა დადგინდეს, ვინ არის საარჩევნო სიის ან პარტიის ლიდერი.

გარდა ამისა, ხმის მიცემისა და კენჭისყრის უფლება შეიძლება, დამოკიდებული იყოს რიგ პირობებზე, მათ შორის შესაძლოა, ეს იყოს ინდივიდუალური პირის მოქალაქეობა, უცხოელებისთვის დაწესებული შეზღუდვა, მონაწილეობა მიიღოს შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაში, უნდა შემოიფარგლოს პოლიტიკური პარტიის დაფუძნების შეზღუდვით და არა წევრობის შეზღუდვით. ამასთან, პარტიული სიის გაუქმება იმის გამო, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე წარმოადგენს პოლიტიკური პარტიის ლიდერს, არის არაპროპორციული და მიმართულია არა უცხოელის, არამედ უფრო მეტად პარტიის წინააღმდეგ“, – აღნიშნულია ვენეციის კომისიის რეკომენდაციაში.