მხარდაჭერა Bolt Food-ის კურიერებს, რომელთა პროტესტსაც კომპანია ხელს უშლის - ღირსეული შრომის პლატფორმა

პუბლიკა

ღირსეული შრომის პლატფორმა ეხმაურება და კრიტიკულად აფასებს კომპანია Bolt-ის მიერ გაფიცულ კურიერთა სამუშაო პლატფორმიდან დაბლოკვის ფაქტებს, მხარდაჭერას უცხადებს კურიერების მოთხოვნებს ღირსეული შრომითი პირობებისთვის და გამოთქვამს მზაობას, რომ სამართლებრივი დახმარება გაუწიოს მათ. პლატფორმის განცხადებას „პუბლიკა“ უცვლელად გთავაზობთ:

„კომპანია BOLT Food-ის რამდენიმე ათეულმა კურიერმა 17 მარტს, ღირსეული შრომითი პირობების მოთხოვნით მუშაობა დროებით შეაჩერა. გაფიცვის გზით, ბოლტის კურიერები, მათი ბაზისური შრომითი პირობების გაუმჯობესებისთვის იბრძვიან და ანაზღაურების უსამართლო სისტემის გადახედვასა და აპლიკაციაზე არსებული შეფასების სისტემის გამჭირვალობას მოითხოვენ.

– კურიერთა განმარტებით, კომპანიამ თავდაპირველად შეკვეთებზე არსებული ფიქსირებული ტარიფი 8 ლარიდან 4 ლარამდე გაანახევრა.

– ასევე, კურიერთა ანაზღაურების შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს ბონუსური სისტემა, რომელიც კურიერებს დღეში 20 შეკვეთის შესრულების შემთხვევაში ერიცხებათ, რაც დღიურად შესასრულებელი შეკვეთების არარეალისტურად დიდ ოდენობას წარმოადგენს. გარდა ამისა, პრობლემურია საბონუსე თანხების ჩარიცხვის დაგვიანება. შესაბამისად კურიერები მოითხოვენ საბონუსე სისტემის არსებით გაუმჯობესებას.

– კურიერებს სამუშაო დროში არ ეთვლებათ და არ უნაზღაურდებათ, როგორც ობიექტამდე მისასვლელი, ისე შეკვეთის მოლოდინში დახარჯული დრო, რომელიც ხშირ შემთხვევაში რამდენიმე საათს შეიძლება წარმოადგენდეს.

– აპლიკაციაში არ არსებობს მომხარებლის მიერ, კურიერისთვის ჩაის (ე.წ თიფსი) დატოვების ფუნქცია, რაც მნიშვნელოვნად ზღუდავს კურიერთათვის დამატებითი ანაზღაურების მიღების შესაძლებლობას.

– ვინაიდან გაწერილი არ არის კურიერის საქმიანობის შეფასების კრიტერიუმები, კურიერისთვის პლატფორმაზე წვდომის შეზღუდვა შესაძლებელი ხდება დაუსაბუთებლად. რის გამოც, მოთხოვნათა ჩამონათვალშია, შეფასების გამჭვირვალე და დასაბუთებული სისტემის შექმნა და მისი კურიერებთან კომუნიკაცია, ასევე კურიერისთვის წინასწარი გაფრთხილების გაგზავნა აპლიკაციით სარგებლობის შეზღუდვამდე.

ნაცვლად, საკუთარი პასუხისმგებლობების გააზრებისა, კომპანია ბოლტი ცდილობს ხელი შეუშალოს კურიერთა პროტესტსა და კოლექტიურ ორგანიზებას.

კომპანიამ აპლიკაციიდან დაბლოკა იმ კურიერთა უმრავლესობა, რომელიც შრომითი პირობების გაუმჯობესებისთვის საჯარო პროტესტში იღებდა მონაწილეობას. ამას გარდა, გავრცელებული ინფორმაციით, კომპანია გაზრდილი ტარიფით უნაზღაურებს შეკვეთებს იმ კურიერებს, რომლებიც არ არიან გაფიცულები და პარალელურად ახალი კურიერები აჰყავს, რითაც გაფიცვის ფუნდამენტური უფლების და შრომის უფლებებისთვის ბრძოლაში მისი მნიშვნელობის დასუსტებას უწყობს ხელს.

გარდა აღნიშნულისა, გაფიცული კურიერების მიმართ მსგავსი რეპრესიული ღონისძიებების გატარება კურიერთა სამართლიანი პროტესტის ჩახშობასა და კურიერთა დაშინებას ემსახურება, რასაც თავად კომპანიის მიერ საჯაროდ გავრცელებული განცხადებაც ადასტურებს, სადაც კომპანია დაუფარავად აღიარებს, რომ კურიერთა მსგავსი სახის საჯარო ორგანიზებას მათი შრომითი უფლებებისთვის „აუცილებლად მოჰყვება მკაცრი რეაგირება“.

კურიერთა განმარტებით, პროტესტის მიმდინარეობისას, მათ Bolt-ისგან ასევე მიიღეს ელექტრონული შეტყობინება, იმის თაობაზე, რომ კომპანიამ პროტესტის ორგანიზატორთა წინააღმდეგ სამართალდამცავ უწყებებს მიმართა, რაც სავარაუდოდ გაფიცული კურიერების დაშინების კიდევ ერთი მცდელობა იყო.

სამწუხაროდ, BOLT food არ წარმოადგენს მიტანის სექტორში მომუშავე ერთადერთ პლატფორმას, სადაც დასაქმებულ კურიერებს მინიმალური შრომითი პირობებისთვის ყოველდღიური ბრძოლა უწევთ. ამ სექტორის თავისებურებაა ბიზნესის ოპერირება დასავლეთის ქვეყნებიდან ავტომატურად კოპირებული ტექნოლოგიური მოდელით, რომელიც კურიერებს დასაქმებულების ნაცვლად, ინდივიდუალურ კონტრაქტორებად განიხილავს და შესაბამისად, მათ შრომითი უფლებების დაცვის მინიმალური გარანტიების მიღმა ტოვებს.

ასევე მიტანის სერვისში დამკვიდრებული ბიზნეს პრაქტიკასთან დაკავშირებული ცენტრალური საკითხია კურიერეთა ანაზღაურების მიბმა ბონუსურ და გამომუშავების სისტემაზე, რომელიც კურიერთათვის არაჯანსაღ სამუშაო გარემოს ქმნის, შესასრულებლად არარეალისტურ გეგმებს უწესებს მათ და საკმარისი ანაზღაურების მისაღებად არანორმირებული დროით მუშაობასა და ხშირ შემთხვევაში სატრანსპორტო უსაფრთხოების წესებისთვის გვერდის ავლას აიძულებს.

აღსანიშნავია, რომ მიტანის სერვისში დამკვიდრებული მსგავსი სამუშაო რეჟიმი, შრომის უსაფრთხოებისთვის რისკის შემქმნელად მიიჩნია შრომის ისნპექციამ კომპანია გლოვოს შემთხვევაში 2020 წელს, კურიერის სატრანსპორტო ინციდენტის საფუძველზე დაწყებული ინსპექტირების შედეგად.

– ღირსეული შრომის პლატფორმა სოლიდარობას უცხადებს ბოლტის კურიერებს მათ სამართლიან ბრძოლაში შრომითი პირობების გასაუმჯობესებლად და მზადყოფნას გამოთქვამს, სამართლებრივი დახმარება გაუწიოს როგორც გაფიცულ, ისე, გათავისუფლებულ კურიერებს.

– მოვუწოდებთ შრომის ინსპექციას, პრიორიტეტად დაისახოს და სისტემური მუშაობა დაიწყოს საქართველოში, პლატფორმის ეკონომიკაში დასაქმებულ პირთა შრომის უსაფრთხოებისა და პირობების მუდმივი მონიტორინგისადა შრომითი უფლებების გაუმჯობესების მიმართულებით“, – აღნიშნულია პლატფორმის განცხადებაში.

ღირსეული შრომის პლატფორმის წევრი ორგანიზაციები:

– ჯანდაცვისა და მომსახურების სფეროების პროფკავშირი – „სოლიდარობის ქსელი“

– ღია საზოგადოების ფონდი-საქართველო

– საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია)

– ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი EMC

– სოციალურ მუშაკთა გაერთიანება

– თბილისის მეტროპოლიტენის დამოუკიდებელი პროფკავშირი – „ერთობა 2013“


ერთ კვირაზე მეტია, რაც მიტანის მომსახურების კომპანია Bolt Food-ის კურიერებმა პროტესტის ნიშნად მუშაობა შეაჩერეს. მათ, ამ პერიოდის განმავლობაში ორი საპროტესტო აქცია გამართეს. პროტესტის მონაწილე კურიერები მომსახურების ტარიფების ზრდასა და კურიერთა ზოგადი პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.

კურიერების პროტესტის საპასუხო წერილში Bolt Food აღნიშნავს, რომ „პარტნიორი კურიერები დასაქმებულები არ არიან შრომითი ხელშეკრულებით და ისინი მუშაობენ საპარტნიორო ხელშეკრულების საფუძველზე. ასევე კომპანია აღნიშნა, რომ პარტნიორ კურიერებს თავად შეუძლიათ აირჩიონ, როდის სურთ, ან სურთ თუ არა, იმუშაონ Bolt Food-ის პლატფორმაზე.