„მთავრობაში დავიწყეთ საუბარი სახელმწიფოს მონაწილეობითაც აშენდეს ეროვნული მნიშვნელობის პროექტები, როგორიც არის – ნენსკრა, ხუდონზეც არის საუბარი”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ენგურჰესზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გაცნობის შემდეგ, მედიასთან განაცხადა.
„ჩვენ დღეს ქვეყანაში გვაქვს უზარმაზარი პოტენციალი ჰიდრორესურსების ათვისების, ჩვენ ვართ პატარა და ღარიბი ქვეყანა, ის რესურსები, რომელიც ჩვენ გვაქვს, ყველა რესურსი უნდა იქნას მაქსიმალურად რაციონალურად, გონივრულად ათვისებული.
შეჯამების სახით მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ოქროს შუალედს ყოველთვის ვიპოვით, ჩვენ ინვესტორებსა და სახელმწიფოსთან ერთად ჩვენ ამ პროექტებს განვახორციელებთ.
უფრო მეტიც, გეტყვით, რომ მთავრობაში დავიწყეთ საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ დიდ ჰესებში სასურველია, რომ სახელმწიფოც ჩაერთოს, სახელმწიფოს მონაწილეობითაც აშენდეს ასეთი ეროვნული მნიშვნელობის პროექტები, როგორიც არის – ნენსკრა, ხუდონზეც არის საუბარი. მაგრამ სახელმწიფოს ჩართულობით, სახელმწიფოსთან ერთად, სახელმწიფოს მონაწილეობით, ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი.
საბოლოო ჯამში, ეს ნიშნავს ენერგოდამოუკიდებლობას, ეკონომიკის განვითარებას სწრაფი ტემპებით, მეტ დასაქმებას, მეტ ენერგოუსაფრთხოებას. და ზოგადად ჩვენი ქვეყნის სიძლიერეს”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.