მეორე დღეა, რაც სოფელ გუმათთან პოლიციას გადაკეტილი აქვს გზა და რიონის ხეობაში არ უშვებს ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე მოსახლეობის მხარდამჭერებს, რომლებიც აცხადებენ, რომ სურთ შეუერთდნენ სოფელ ნამოხვანში პროტესტს. ამის შესახებ „პუბლიკა“ ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტს, მაკა სულაძეს ესაუბრა.
დღეს, გუმათჰესთან 12 საათზე დაანონსებულია საპროტესტო შეკრება თავისუფალი გადაადგილების მოთხოვნით. მაკა სულაძის განცხადებით, აქტივისტების მოთხოვნაა – სოფელ გუმათთან პოლიციის მიერ გადაკეტილი გზა გაიხსნას მათთვის, ვისაც სურს ნამოხვანში ჩავიდეს და შეუერთდეს პროტესტს:
„იმ მონაკვეთზე, რომელსაც კომპანია უკვე თავის საკუთრებად თვლის, არ ატარებენ არავის. ჩვენ, აქტივისტები ახლა ნამოხვანის კარვებიდან გუმანთჰესთან ჩამოვედით – აქ ხალხი რომ იკრიბება, რაიმე პრობლემა რომ არ შეიქმნას. ველოდებით ხალხს. ჩვენი მოთხოვნაა, რომ ვინც მოდის კარვებში მათთვის გზა გახსნან. ფაქტობრივად გამოგვიცხადეს, რომ ეს ტერიტორია აღარაა ჩვენი და აქ ჩვენ თავისუფლად ვერ შევძლებთ გადაადგილებას და საპოლიციო ძალებით გვზღუდავენ. არანაირი უფლება აქვთ გზის გადაკეტვის – ამდენი ადამიანი ფერხდება“, – აღნიშნავს სულაძე.
აქტივისტის თქმით, გზის გადაკეტვა გადაადგილების პრობლემას წარმოადგენს ადგილობრივი მოსახლეობისთვისაც და მათ შემოვლითი გზით უწევთ სიარული.
გუშინ საღამოს დააანონსა მოძრაობის „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ აქტივისტმა ვარლამ გოლეთიანმა დღეს, 12 საათზე გუმათჰესთან საპროტესტო შეკრება.
„ჩვენ მშვიდობიანად მოვითხოვოთ უფლება, რომ ხალხი გადმოადგილდეს უპრობლემოდ ნამოხვანის მიმართულებით. ეს იქნება ჩვენი მოთხოვნა”, – განაცხადა გოლეთიანმა.
3 აპრილს ნამახვანჰესის ინვესტორმა კომპანია ENKA-მ სამუშაოები განაახლა. მოსახლეობამ სამუშაოების განახლება გააპროტესტა, ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციაც. დააკავეს აქციის 2 მონაწილეც.
გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა შსს-მ. მათი თქმით, რიონის ხეობაში მოქალაქეთა გადაადგილება გარკვეულ მიმართულებებზე „დროებით შეიზღუდა უსაფრთხოების მიზნით”.