შინაგან საქმეთა სამინისტრომ COVID-19-ის წინააღმდეგ მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 385 ფაქტი გამოავლინა. ამის შესახებ ინფორმაციას უწყება ავრცელებს.
პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 118 ფიზიკური და 2 იურიდიული პირი დააჯარიმა.
უწყების ცნობით, დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.
„გარდა ამისა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 1116 ფიზიკური პირი დაჯარიმდა, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევის 149 ფაქტი გამოვლინდა, “- ამბობენ შსს-ში.
შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები.
პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას
და ასკ-ის 42(11) -ე მუხლის შესაბამისად ჯარიმას 20 ლარის ოდენობით, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევა ასკ-ის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად ითვალისწინებს 40 ლარით დაჯარიმებას.
იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ–ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარის ოდენობით.
განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.