„თვე-ნახევარი ვიყავი ოსი ხალხისგან შემოსული გზავნილების ხარჯზე“ – გაფრინდაშვილი

პუბლიკა

„რისკი ყოველთვის არის, ქუჩაშიც არის,  მე ასე თუ ისე ვეცადე, რომ შემესრულებინა ჩემი საექიმო მოვალეობა“, – განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილმა ბრიფინგზე.

მისი თქმით, შესაძლოა, ოსურ გაზეთებში გავრცელდეს ცრუ ინფორმაცია, თითქოს მან მოინანია დანაშაული. გაფრინდაშვილის თქმით, ის სასამართლო სხდომაზე იყენებდა დუმილის უფლებას.

„შეიძლება, გავრცელდეს ეს ინფორმაცია ოსურ გაზეთებში, რუსულენოვანში,  რომ მე, თითქოს, მოვინანიე ჩემი დანაშაული, მაგრამ ერთადერთი შემიძლია გითხრათ, რომ იქ დუმილის უფლებას ვიყენებდი სასამართლოს მსვლელობისას. ნათქვამი მქონდა, რომ, რაც ვთქვი დაკითხვაზე, იმას ვერც ვერაფერს დავამატებდი და ვერც გამოვაკლებდი“, –თქვა გაფრინდაშვილმა.

ვაჟა გაფრინდაშვილი აღნიშნავს, რომ საბოლოო სიტყვაში მან მადლობა გადაუხადა ოს ხალხს, რადგან მისთვის თვე-ნახევრის განმავლობაში ადგილობრივებს შეჰქონდათ გზავნილები.

„საბოლოო სიტყვაში არ შემეძლო, რომ ოსი ხალხის მიმართ ჩემი მადლიერება არ გამომეხატა. მე თვე-ნახევარი ვიყავი ოსი ხალხისგან შემოსული გზავნილების ხარჯზე.

იყო გზავნილები ჩემს სახელზე ადგილობრივი მოსახლეობისგან, იმ მოსახლეობას მინდა, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო, იმის გამო, რომ ჩემ გამო შეწუხდნენ და დიდი ბოდიში მინდა მოვუხადო, რომ ისინი ჩემ გამო შეაწუხეს. იგივე სიტყვები ვთქვი მე იქ და შეიძლება თავიანთი ინტერპრეტაცია მისცეს. მე ბოდიში მოვუხადე იმ ხალხს, იმისთვის, რომ შეაწუხეს ჩემ გამო და არა იმის გამო, რომ მე ისინი შევაწუხე“, – თქვა ვაჟა გაფრინდაშვილმა.


საოკუპაციო ძალების მიერ 9 ნოემბერს დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი დღეს გათავისუფლდა. საოკუპაციო ძალებმა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს ახალგორის რაიონში დააკავეს და ე.წ. საზღვრის განზრახ დარღვევის ბრალდება წაუყენეს.  ცხინვალის ე.წ. სასამართლომ მას 1 წელი და 9 თვე მიუსაჯა.