„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ შეზღუდული შესაძლებლობის პირების უფლებებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი და პრეცედენტული გადაწყვეტილება მიიღო.
2021 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებით, „ლიბერთი ბანკის“ მხრიდან შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით მარიამ მიქიაშვილის მიმართ დადგინდა დისკრიმინაციის ფაქტი.
„დისკრიმინაციის აღმოფხვრის მიზნით „ლიბერთი ბანკს“ დაევალა თბილისის ყველა რაიონსა და რეგიონების თითო ქალაქში არანაკლებ ერთი ფილიალის ადაპტირება ტექსტის წამკითხველი პროგრამით, ხმოვანი ბანკომატით, ტაქტილური ბილიკით, ასევე ხელმოწერის გამარტივებული ფორმის უზრუნველყოფით; ასევე „ლიბერთი ბანკს“ მარიამ მიქიაშვილის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება.
2017 წლის 27 იანვარს, როდესაც მარიამ მიქიაშვილი „ლიბერთი ბანკში“ პლასტიკური ბარათის ასაღებად მივიდა, მას ბანკის თანამშრომელმა უთხრა, რომ სხვა ადამიანის თანხლების გარეშე მომსახურებას არ გაუწევდა. მარიამმა გააპროტესტა ეს და გამოიძახა საპატრულო პოლიცია. ბანკი მას არ ემსახურებოდა, როგორც სრულუფლებიან მოქალაქეს. ბანკმა არ გაითვალისწინა უსინათლო ქალის საჭიროებები და არ მისცა მარიამს ბარათი.
სასამართლოს მიიჩნია, რომ „ამგვარი პირობის დაყენება [თანმხლების პირის მოთხოვნა], განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა არსებობს მრავალნაირი დამხმარე და ტექნიკური საშუალება, რომლის გამოყენებითაც შესაძლებელია მომხმარებლისათვის ინდივიდუალური მომსახურების მიწოდება ყოველგვარი მესამე პირის ჩარევის გარეშე, არის არათანასწორი მოპყრობა.“.
სასამართლოს გადაწყვეტილება პრეცედენტული მნიშვნელობისაა, რადგან გადაწყვეტილებაში გონივრულ მისადაგებაზე უარი განხილულია, როგორც დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმა“, – ამბობენ ორგანიზაციაში.
PHR-ში აღსანიშნავენ, რომ სასამართლო დასაბუთების დროს დაეყრდნო „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციას“ რომელიც დაცვის მეტ გარანტიებს სთავაზობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, ვიდრე საქართველოს კანონი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების“ შესახებ.
კონვენციის თანახმად, „გონივრული მისადაგება გულისხმობს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში იმ აუცილებელი და შესაბამისი მოდიფიკაციებისა და კორექტივების განხორციელებას, რაც არ იწვევს დაუძლეველ და გაუმართლებელ სირთულეებს და უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანაბარი უფლებებისა და თავისუფლების ფუნდამენტურ ღირებულებათა რეალიზებას.“