სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, დიდი ოდენობით თანხის მითვისებისა და გაფლანგვის ბრალდებით დაკავებულია შპს „ენგურჰესში” შემავალი, შპს „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი.
სუსის ცნობით, ხსენებული შპს ოპერირებს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე.
„მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მათთვის, ვინც მიიჩნევს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების გამოყენებით შეძლებს სახელმწიფოს კუთვნილი თანხების მითვისება-გაფლანგვას: მსგავსი დანაშაული არ დარჩება რეაგირების გარეშე ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩადენის შემთხვევაშიც კი“, – ვკითხულობთ სუსის განცხადებაში.
დაკავებულმა პირმა სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა ჩადენილი დანაშაული.