„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ მისთვის მისაღებია ევროპარლამენტარების თავდებობა. ამის შესახებ მან „მთავარ არხთან“ ინტერვიუში ისაუბრა.
„ჩემთვის აბსოლუტურად მისაღებია ევროპარლამენტარების თავდებობა და არის ეს ჩემთვის კომიკური, როცა ვისმენ „ქართული ოცნების“ კომენტარებს, რომ ეს შეთანხმებაში არ არისო გათვალისწინებულიო. მაპატიეთ და შეთანხმებაში ის არის გათვალისწინებული, რომ გამოსასყიდი უნდა ჩამრიცხვოდა? აბა წაიკითხონ კარგად, შეთანხმებაში ეს არ წერია. ერთი სიტყვით, ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ახლა ნაცვლად იმისა რომ კრიზისი დაიძლიოს, კრიზისი არ გავაღრმავოთ და მერწმუნეთ, კრიზისი მნიშვნელოვნად გაღრმავდება ქვეყანაში, საზოგადოებრივ-პოლიტიკური, თუკი ამნისტიის კანონი თუნდაც ერთ მოძლადე პოლიციელზე გავრცელდება, ამაში ვარ ღრმად დარწმუნებული და მათთვის ვინც ჩემთან მიმართებით დარდობს და ამბობს, რომ ეს რაიმე სახით მე დამაკნინებს, მე ეს ვერანაირად ვერ დამაკნინებს“, – განაცხადა მელიამ.
ამ წუთებში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ოფისში ოპოზიციის მორიგი საორგანიზაციო შეკრება მიმდინარეობს.
გიორგი ვაშაძის განცხადებით, ოპოზიციამ დრო არ უნდა მისცეს „ქართულ ოცნებას“, გაწელოს პროცესი და მნიშვნელოვანია, როდის დარეგისტრირდება კანონპროექტი და ამ მიმართულებით მუშაობს ოპოზიცია.
გიორგი ვაშაძემ ნიკა მელიას განცხადება დადებითად შეაფასა და თქვა, რომ შეეცდებიან, ეს მოხერხდეს. მისი თქმით, ამის მიუხედავად, ამნისტია მაინც უნდა მიიღონ, იმიტომ, რომ ამნისტიის აქტის გარეშე მელიას საქმე არ დაიხურება.
მისი მტკიცებით, ამნისტიის კანონის მიღება დასავლელი პარტნიორების ცალსახა პოზიცია იყო.