ქობულეთში გარდაცვლილი 14 წლის გოგოს საქმეში „საფარი“ ჩაერთო და დედის ინტერესებს დაიცავს

პუბლიკა

ორგანიზაცია „საფარი“ ქობულეთში გარდაცვლილი 14 წლის გოგოს სისხლის სამართლის საქმეში ჩაერთვება და დედის ინტერესებს დაიცავს. ამის შესახებ ორგანიზაციის იურისტმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

იურისტი თამარ ლუკავა ამბობს, რომ ორგანიზაციამ უკვე მიმართა პროკურატურას და მოითხოვენ დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი გარდაცვლილი გოგოს დედას, მერი ცეცხლაძეს მიენიჭოს.

„დღეს საქმეზე ზედამხედველ პროკურორს მივმართეთ წერილობით და მოვითხოვეთ დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი მეინიჭოს დედას, მერი ცეცხლაძეს, ვინაიდან ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვები, რომ დაზარალებულის უფლებამონაცვლე თამარ ცეცხლაძეზე (გარდაცვლილის და), სავარაუდოდ, მიმდინარეობს ზეწოლა სხვადასხვა პირთა წრის მხრიდან. შესაბამისად, იგი ვერ ახორციელებს უფლებამონაცვლის სტატუსით ისე სარგებლობას, რომელიც საჭიროა ასეთი ტიპის საქმეებში. სავარაუდოდ, იგი ვერ შეძლებს, თვალი მიადევნოს, რამდენაც ობიექტურად  წარიმართება გამოძიება სისხლის სამართლის ამ საქმეზე“, – ამბობს იურისტი თამარ ლუკავა.

მისი თქმით, სწორედ ამიტომ მიმართავენ ისინი პროკურატურას დაზარალებულის უფლებამონაცვლის შეცვლის შესახებ. თამარ ლუკავას თქმით, გარდაცლილი გოგოს დედა მზადაა, ბოლომდე იბრძოლოს და მოითხოვოს საქმეზე ყველა იმ საგამოძიებო მომქმედების ჩატარება, რომელიც ამ დრომდე არ ჩატარებულა.

ქობულეთში გარდაცვლილი 14 წლის გოგოს საქმეში ჩართული იყო არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR), თუმცა ორგანიზაციამ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა განცხადება, რომ გარდაცვლილი გოგოს დის გადაწყვეტილებით, საქმეს ისინი ჩამოშორდნენ.

„14 წლის ნინი ცეცხლაძის გარდაცვალების საქმეში,  PHR  იცავდა დაზარალებულის უფლებამონაცვლის, ნინი ცეცხლაძის დის, ინტერესებს. ამ უკანასკნელის მოულოდნელი გადაწყვეტილებით ორგანიზაცია ჩამოშორდა სისხლის სამართლის საქმეს“, – ამბობენ ორგანიზაციაში.