დაიწყება მასშტაბური საკანონმდებლო რეფორმა სოციალური კოდექსის სახით - მინისტრი

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტში გამოსვლისას სოციალური კოდექსის შექმნის შესახებ ისაუბრა.

მისი განცხადებით, წარმატებული ქვეყნების გამოცდილების გაზიარების საფუძველზე სოციალური კოდექსის სახით მასშტაბური საკანონმდებლო რეფორმა განხორციელდება.

„ამ ეტაპზე, ევროპელ ექსპერტებთან ერთად მიმდინარეობს საქართველოს და ევროპის სოციალური სისტემების სიღრმისეული შესწავლა, რომელიც გახდება საქართველოს სოციალური კოდექსის საფუძველი.

წარმატებული ქვეყნების გამოცდილების გაზიარების საფუძველზე განხორციელდება მასშტაბური საკანონმდებლო რეფორმა სოციალური კოდექსის სახით, რომელიც უზრუნველყოფს მდგრად, ეფექტიან, კოორდინირებულ დაცვის სისტემას. სოციალური კოდექსი გახდება ადამიანის ცხოვრების ყველა ეტაპზე არსებული საჭიროებების დაკმაყოფილების კანონით გამყარებული გარანტი.

თუ ჩვენ გვაქვს მისწრაფება, რომ გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრი, მაშინ საქართველოს ყველა მოქალაქეზე ზრუნვა უნდა განხორციელდეს ისე, როგორც ამას აკეთებენ ევროპის ქვეყნებში. ამიტომ, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ სწრაფად, მოქნილად და კოორდინირებულად,“ – განაცხადა მინისტრმა.

მისი განმარტებით, მიმდინარეობს ინტენსიური მოკვლევა, აანალიზებენ ევროპის საუკეთსო პრაქტიკასა და ქართულ რეალობას და სავარაუდოდ შემოდგომაზე შესაძლებელი გახდება, პარლამენტში დაიწყოს განხილვები, რათა დაიგეგმოს ის ცვლილებები, რაც ეტაპობრივად აისახება კოდექსში. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, პირველადი საჯარო განხილვები მაისის ბოლოდანაა დაგეგმილი.