მოვუწოდებთ ოპოზიციონერ კოლეგებს, შემოუერთდნენ შეთანხმებას - მიშელის დოკუმენტზე ხელის მომწერი პოლიტიკოსები

პუბლიკა

შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მომწერი პოლიტიკოსები მედიაციაში მონაწილე დარჩენილ პარტიებს მოუწოდებენ, ხელი მოაწერონ დიპლომატების მედიაციით მიღწეულ შეთანხმებას.

ხელის მომწერი პარტიებისა და პოლიტიკოსების განცხადებით, შეთანხმების დოკუმენტით „ქართულმა ოცნებამ“ ფაქტობრივად აღიარა ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნების გაყალბება, პოლიტიზებული მართლმსაჯულებისა და პოლიტიკური პატიმრების არსებობა, სასამართლო და საარჩევნო რეფორმების აუცილებლობა და აიღო ვალდებულება, კონკრეტული მექანიზმების მეშვეობით პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებისა და რიგგარეშე არჩევნებამდე მისვლის შესახებ.

ხოლო შეთანხმებით გათვალისწინებული პუნქტების შესრულებით საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის რეალური შესაძლებლობა უჩნდება.

„შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ ახლა ზოგიერთი ოპოზიცური პარტიის მხრიდან არა ურთიერთდაპირისპირების წამახალისებელი და შეთანხმების მიზნების დამაზიანებელი საუბრის, არამედ ოპოზიციური ძალისხმევის კონსოლიდაციის დროა, რათა ვაიძულოთ ხელისუფლება შეასრულოს შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები.

მიგვაჩნია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დემოკრატიული პროცედურით შეცვლის ერთადერთი გზა გადის სწორედ ამ შეთანხმების შესრულებაზე. შესაბამისად, ამ შესაძლებლობაზე ვიწროპარტიული ინტერესების გამო უარის თქმა სწორედ ხელისუფლების ინტერესებში შედის“, – ნათქვამია პოლიტიკოსების განცხადებაში.

განცხადების ავტორები წერენ, რომ შეთანხმებას უკვე მოჰყვა პირველი წარმატება გიორგი რურუას პატიმრობიდან გათავისუფლებით. ნიკა მელიას ციხიდან გამოსვლისა და მათი განცხადებით, ქვეყნის კრიზისიდან გამოსასვლელად კი საჭიროა, საერთო ოპოზიციური ძალისხმევა, რათა ხელისუფლებამ შეთანხმება სრულფასოვნად შეასრულოს.

„მოვუწოდებთ შეთანხმებაზე ჯერ კიდევ არ შემოერთებულ ოპოზიციონერ კოლეგებს, მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესს და ყველამ ერთად მთელი ძალისხმევა მივმართოთ, რათა ხელისუფლებამ სრულფასოვნად შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:

არმაზ ახვლედიანი
თეონა აქუბარდია
დავით ბაქრაძე
გიორგი ვაშაძე
პაატა მანჯგალაძე
ანა ნაცვლიშვილი
სალომე სამადაშვილი
ხათუნა სამნიძე
დავით უსუფაშვილი
შალვა შავგულიძე
მამუკა ხაზარაძე
ბადრი ჯაფარიძე
ზურაბ ჯაფარიძე