საქართველოში ვიზიტით იმყოფება ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი, რომელმაც დღეს შეხვედრები გამართა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან. მათ შორის, საგარეო საქმეთა მინისტრთან.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლანდსბერგისმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან შეხვედრისას განიხილა სამხრეთ კავკასიაში არსებული ვითარება და უსაფრთხოების გარემო, შეხვედრაზე ხაზი გაესვა რეგიონის მშვიდობიანი განვითარების მნიშვნელობას.
„მინდა დავადასტურო, რომ ლიეტუვა გახლავთ საქართველოს და ქართველი ხალხის ჭეშმარიტი მეგობარი და ნამდვილი მხარდამჭერი საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისა. ჩვენ აქ ვიმყოფებით იმისთვის, რომ დაგეხმაროთ ნებისმიერი გზით და ნებისმიერი საჭიროების თვალსაზრისით“, – განაცხადა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფოგრმაციით, ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და ლიეტუვის თანამშრომლობას, მათ შორის საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში. ლიეტუვის მხარემ მზადყოფნა გამოთქვა საქართველოს დახმარებისთვის კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლასი.
ლიეტუვის მხარე ასევე მიესალმა ევროკავშირის მედიაციით მმართველ პარტიასა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მიღწეულ შეთანხმებას.
„ჩვენ არ გაგვაჩერებს შიდა პოლიტიკური პრობლემები ჩვენს სტრატეგიულ საკითხებთან მიმართებაში, რათა საქართველო უფრო დაცული გახდეს, რეგიონი იყოს უსაფრთხო. ჩვენ გავაგრძელებთ ტრანსატლანტიკური მიმართულების განხილვას, რომლის ნაწილადაც საქართველო აღიქვამს თავს“, – განაცხადა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.
დღესვე, საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა პატივი მიაგო ქვეყნის ერთიანობისათვის დაღუპულ მებრძოლებს და შეამკო გმირთა მემორიალი.
ვიზიტის ფარგლებში, გაბრიელიუს ლანდსბერგი შეხვდა საქარველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს, კახა კუჭავასა და საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს.
29 აპრილს, გაბრიელიუს ლანდსბერგისი საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ოძისში გაემგზავრება, სადაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას.