ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრების შემდეგ საქართველოში ვიზიტით მყოფი ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ოპოზიციასაც შეხვდა. გაბრიელიუს ლანდსბერგისსა და ქართველ პოლიტიკოსებს შორის შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა.
„გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის თქმით, შეხვედრაზე ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრა.
„რამდენიმე მნიშვნელოვანი გზავნილი იყო. ერთი ის, რომ ამ დოკუმენტის ტექსტი იყო საუკეთესო ვერსია, რაც შეიძლება დადებულიყო. ეს არ არის იდეალური ტექსტი, მაგრამ ეს იყო საუკეთესო შეთანხმება, რაზეც შეიძლება მიღწეულიყო თანხმობა სხვადასხვა მხარეების მხრიდან.
მეორე ის, რომ ამ ტექსტში არსებული პუნქტების შესრულება არის პრინციპულად მნიშვნელოვანი და არ არსებობს არანაირი გეგმა B.
მესამე ის, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, განიმუხტოს სიტუაცია და მოხდეს სრული პასუხისმგებლობის აღება ამ დოკუმენტში არსებული პუნქტების შესრულებაზე, რადგან ეს არის გამოსავალი საბოლოო ჯამში ამ ქვეყნისთვის“, – თქვა ზურაბ ჯაფარიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის თქმით, შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა შეთანხმების მნიშვნელობას და იყო მოწოდებაც „ნაციონალური მოძრაობისადმი“, რომ ისიც შეუერთდეს შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მომწერებს.
„მივიღეთ სრული გარანტია, რომ იქნება დეტალური მონიტორინგი იმისთვის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არ დაარღვიოს ეს შეთანხმება და ყველა კომპონენტი იყოს შესრულებული. თუ დაირღვევა შეთანხმება, საქართველოს ევროპული ინტეგრაცია დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ“, – განაცხადა ვაშაძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ კი შეხვედრის დასრულების შემდეგ თქვა, რომ განიხილეს პოლიტიკური მართლმსაჯულების საკითხი და მათ ლანდსბერგისს უთხრეს, რომ მნიშვნელოვანია ამ საკითხის გადაჭრა.
„არ შეიძლება 9 წლის განმავლობაში პარტიის ერთი ლიდერი წასული იყოს ქვეყნიდან და არ ჰქონდეს მას ქვეყანაში ჩამოსვლის საშუალება და პარტიის თავმჯდომარე იყოს ციხეში. ეს იმას ამბობს პირდაპირ, რომ საქართველოში მართლმსაჯულება იმდენად პოლიტიზირებულია, რომ არავითარ სივრცეს არ ტოვებს ოდნავ მაინც დემოკრატიის განვითარება იყოს.
მე ავუხსენი მინისტრს, რომ ნიკა მელიას დაუყოვნებლივ გათავისუფლება ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად პოლიტიკური პროცესის ნორმალიზებისთვის, პარტიის ფუნქციონირებისთვის“, – თქვა დეკანოიძემ შეხვედრის შემდეგ.
„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრის, სალომე სამადაშვილის თქმით კი, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ თქვა, რომ ამ შეთანხმების შესრულება ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვისაც, რათა ევროკავშირმა საბოლოოდ არ ჩაიქნიოს ხელი საქართველოს ევროატლანტიკურ პერსპექტივაზე.
„ამიტომ კიდევ ერთხელ მინისტრი მიესალმა ყველას, ვინც ხელი მოაწერა შეთანხმებას. მან გამოთქვა იმედი, რომ შეთანხმებას შეუერთდება ყველა ოპოზიციური პარტია, რადგან ამ შეთანხმებას, კიდევ ერთხელ ვამბობ, დიდ სტრატეგიულ მნიშვნელობას ანიჭებს ჩვენი საუკეთესო მეგობარი ქვეყანა, როგორიც არის ლიეტუვა, რომელმაც ძალიან ბევრი რამ გააკეთა, რათა საქართველო დაუახლოვდეს ევროპას“, – განაცხადა სამადაშვილმა.