19 აპრილის შეთანხმება უნდა შესრულდეს ყოველგვარი გადახვევის გარეშე - ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი

პუბლიკა

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა საქართველოში პოლიტიკურ მხარეებს შორის ხელმოწერილ შეთანხმებასა და „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას შესახებ ისაუბრა.

ლიეტუვის პირველი დიპლომატის განცხადებით, კარგი იქნება, თუ ნიკა მელია განიხილავს ევროკავშირის პარტნიორების შემოთავაზებებს და გარანტიებს.

„როცა ამ შეთანხმებას ხელს აწერს ყველა პარტია, ეს საშუალებას იძლევა, რომ საუკეთესოდ განხორციელდეს შეთანხმების შესრულების მონიტორინგი. რაც შეეხება მელიას, ძალიან კარგი იქნება, თუ ის განიხილავს იმ შემოთავაზებებს, გარანტიებს, რაც გახლავთ შემოთავაზებული ევროკავშირის პარტნიორების მიერ“, – აღნიშნა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.

გაბრიელიუს ლანდსბერგისის თქმით, მნიშვნელოვანია, სრულად მოგვარდეს და გადაიჭრას არსებული შიდა პოლიტიკური სიტუაცია და ქვეყანას გააჩნდეს მოქმედი და ფუნციონირებადი პარლამენტი.

„ევროკავშირმა საქართველოს დახმარების ხელი გამოუწოდა უპრეცედენტო, როგორც ფინანსური, ასევე პოლიტიკური კუთხით და მხარი დაუჭირა საქართველოს. პოლიტიკური შეთანხმება შარლ მიშელის შუამდგომლობით შედგა და ჩვენ ვაქებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომელმაც ხელი მოაწერა ამ შეთანხმებას.

შეთანხმება არ გახლავთ დასასრული, შეთანხმების ხელმოწერა ძალიან მნიშვნელოვანი პირველი წინ გადადგმული ნაბიჯი გახლავთ, მაგრამ სხვა ნაბიჯები, რომლებიც უკავშირდება ისეთ საკითხებს, რომლებიც უკავშირდება პოლიტიზებული მართლმსაჯულების მოგვარებას, ამბიციური საარჩევნო და საარჩევნო რეფორმებს, აგრეთვე ძალთა გადანაწილებას პარლამენტში, ეს ის საკითხებია, რომლებიც უნდა მოგვარდეს. 19 აპრილის შეთანხმება უნდა იყოს განხორციელებული ყოველგვარი გადახვევის გარეშე.

მნიშვნელოვანია, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ და არჩეულმა პარლამენტის წევრებმა გამოხატონ სურვილი, შეუერთდნენ იმ ძალისხმევას, რომელიც უკავშირდება შეთანხმების დაუყოვნებლივ განხორციელებას“, – განაცხადა ლიტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

რაც შეეხება კითხვას, თუ როგორ გაუწევს მონიტორინგს ლიეტუვა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ლიეტივას შეუძლია კარისკენ გაუძღვეს საქართველოს.

„ჩვენი გამოცდილებიდან შეგვიძლია იმის თქმა, რომ შეგვიძლია გავაღოთ კარი, შეგვიძლია გავუძღვეთ ამ კარისკენ, მაგრამ საქართველო არის ის მხარე, რომელმაც უნდა მიიღოს გადაწყეტილება, რომ შევიდეს ამ კარით. მთელი რიგი მონიტორინგის მექანიზმების გამოყენება შეიძლება, ჩვენ გვაქვს ძალიან აქტიური საელჩო თბილისში. მე ვიქნები ყოველთვის ხაზზე თუ ამის საჭიროება იქნება. მე შემიძლია კვლავ დაბრუნდე თქვენს ქვეყანაში“, – განაცხადა მინისტრმა.