ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ თბილისში მდებარე ერთ-ერთი აფთიაქის ინსპექტირებისას, მაცივრის ძრავთან გადამალული, დიდი ოდენობით ფსიქოტროპული მედიკამენტი აღმოაჩინა.
უნებართვოდ არსებული, პირველ ჯგუფს მიკუთვნებული, ფარმაცევტული პროდუქტი დაილუქა და ჩამოერთვა დაწესებულებას.
როგორც სააგენტოში განმარტავენ, დაწესებულებაში განხორციელებული კონტროლის ღონისძიების შედეგად დადასტურდა, რომ აფთიაქი ახორციელებდა უკანონო ფარმაცევტულ საქმიანობას და აღნიშნული ფსიქოტროპული ნივთიერებები დაწესებულებას მიღებული ჰქონდა კანონდარღვევით.
„სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ ჩამორთმეული იქნა ყველა ის მედიკამენტი, რომელთა მიღების დამადასტურებელი დოკუმენტაცია აფთიაქს არ გააჩნდა. საერთო ჯამში 1 087 ერთეული ფარმაცევტული პროდუქტი, რომელიც მიეკუთვნება პირველი ჯგუფის მედიკამენტებს.
დარღვევასთან დაკავშირებით შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი გადაეგზავნა სასამართლოს, შემდგომი რეაგირებისთვის.
2021 წლის 1 იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით პერიოდში, სააგენტოს მიერ ფარმაცევტული საქმიანობის კონტროლის 189 ღონისძიება განხორციელდა და 166 შემთხვევაში სამართალდარღვევის ფაქტი გამოვლინდა”, – ნათქვამია განცხადებაში.