საქმეზე „კალანდია საქართველოს წინააღმდეგ“ ევროპულმა სასამართლომ საიას საჩივარი დააკმაყოფილა და ევროპული კონვენციის მე-6 (1) მუხლის (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება) დარღვევა დაადგინა.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ კალანდიას საქმე ერთ-ერთია საიას წარმოებაში არსებულ საქმეებს შორის, რომლებიც პოლიტიკური მოტივაციის საფუძვლით პირთა დევნას შეეხება.
„მომჩივანი, თენგიზ კალანდია, ამტკიცებდა, რომ 2009 წელს მას ნარკოტიკული საშუალება მისი ოპოზიციურად განწყობილი მეგობრის აქტიური მხარდაჭერის გამო ჩაუდეს. კერძოდ, თ. კალანდია ვლადიმერ ვახანიასთან ერთად იყო პოლიტიკური პარტია „მთლიანი საქართველოს” დამფუძნებელი. 2009 წლის 15 მარტს ვახანია დააკავეს მისსავე სახლში ადგილობრივი ჟურნალისტისთვის პროფესიული საქმიანობისთვის ხელის შეშლის ბრალდებით. ვახანიას დაკავების შემდეგ მომჩივანი აგრძელებდა მის აქტიურ დახმარებასა და მხარდაჭერას. 2009 წლის 25 მარტს კი პოლიციამ კალანდია დააკავა. თენგიზ კალანდიას 2009 წელს 18-წლიანი თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სისხლის სამართლის კოდექსის 260 (3) მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო შეძენა და შენახვა). მომჩივანმა ევროპულ სასამართლოს 2010 წელს მიმართა. 2012 წლის 28 დეკემბრის ამნისტიის კანონის საფუძველზე, კი – თენგიზ კალანდია 2013 წლის 18 იანვარს გათავისუფლდა. თენგიზ კალანდია 2017 წლის 05 თებერვალს გარდაიცვალა, თუმცა ევროპულ სასამართლოში საქმის წარმოების გაგრძელების სურვილი მისმა შვილმა, კონსტანტინე კალანდიამ გამოხატა.
კალანდიას საქმის გადაწყვეტილებით, მსგავსად მეგრელიშვილის, ტლაშაძისა და კაკაშვილის საქმეებისა, ცხადია, რომ არსებული მართლმსაჯულების სისტემა არ შეიცავს საკმარის პროცედურულ გარანტიებს, რომლებიც პირებს სამართალდამცავების მხრიდან შესაძლო თვითნებობისგან დაიცავდა. ეროვნული სასამართლოების მიერ თენგიზ კალანდიას მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი მხოლოდ ჩხრეკისა და დაკავების ოქმებს; იმ პოლიციელთა ჩვენებებს, რომლებიც ჩხრეკისა და დაკავების ოპერაციებს ასრულებდნენ; და ჩხრეკის შედეგად ამოღებულ მტკიცებულებებს ეფუძნებოდა. პრობლემურ საკითხთა შორის იყო ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩხრეკის ჩატარება და დამსწრის მოწვევის უფლების რეალიზება; პოლიციელთა ჩვენებების, როგორც მტკიცებულებების გამოყენება და საქმეში სხვა, ნეიტრალური და სანდო მტკიცებულების არარსებობა.
კერძოდ, კალანდიას საქმეში კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩხრეკის ჩატარებისას, ეროვნულ დონეზე სასამართლოს არ შეუმოწმებია ამ ინფორმაციის სიზუსტე და სანდოობა; მომჩივანის დაკავება და მის მიმართ ჩატარებული პირადი ჩხრეკა იყო უკანონო და დაუსაბუთებელი. ასევე, მომჩივანს ჩხრეკის დროს არ მიეცა დამსწრეების მოწვევის საშუალება. კალანდიას საქმეში მტკიცებულებას წარმოადგენდა პოლიციელების ჩვენებები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ მის დაკავებასა და ჩხრეკაში და, რომლებიც, ამავე დროს, იძიებდნენ მის საქმეს. აღნიშნული პირები ბრალდების მხარის წარმომადგენლები იყვნენ და, შესაბამისად, ისინი დაინტერესებულები იყვნენ საქმის შედეგით, ამასთან, მათ მიერ მიცემული ჩვენებები არ დასტურდებოდა სხვა არც ერთი სანდო და ნეიტრალური მტკიცებულებით. გარდა ამისა, პოლიციელების ჩვენებები არსებითად წინააღმდეგობრივი იყო”, – ნათქვამია განცხადებაში.
საია აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია, საქართველომ ზემოთ ხსენებულ საქმეებთან მიმართებით გაატაროს შესაბამისი ინდივიდუალური თუ ზოგადი ღონისძიებები გადაწყვეტილების ეფექტიანად აღსასრულებლად და არსებული სტრუქტურული და სისტემური ხარვეზების დროულად აღმოსაფხვრელად.