ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებმა კარვები გუმათში, ENKA-ს ბაზასთან და სოფელ ტვიშში გაშალეს

პუბლიკა

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტებმა პროტესტის ნიშნად რიონის ხეობაში დღეს კიდევ ორი კარავი გაშალეს. მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ აქტივისტმა ვარლამ გოლეთიანმა „პუბლიკას“ უთხრა, რომ ერთი კარავი ისევ სოფელ გუმათში, ჰესის ინვესტორ კომპანია ENKA-ს ბაზასთან გაიშალა, ხოლო კიდევ ერთი – სოფელ ტვიშში.

გოლეთიანის განმარტებით, ტვიშში გაშლილი კარავი ENKA-ს მანქანებისთვის საპროექტო ტერიტორიიდან წამოსასვლელ გზას ჩაკეტავს, ხოლო გუმათში გაშლილი კარვებით კომპანიის ტრანსპორტის გადაადგილებას გუმათიდან რიონის ხოებისკენ შეზღუდავენ.

„დღეს კარავი გავშალეთ ზევით, ტვიშში და გავშალეთ ქვემოთ, გუმათში – ანუ ხეობის ორივე მხარეს. კარავი, რომელიც ტვიშში გავშალეთ ზემოდან წამოსასვლელ გზას გადაკეტავს. ჩვენთვის გადაადგილება ისევ შეზღუდულია და შესაბამისად, გზა ზემოდან თავად ტვიშელებმა და ორხველებმა გადაკეტეს“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

შეგახსენებთ, რომ გუმათჰესთან გზა ასევე გადაკეტილი აქვთ პოლიციას და აქტივისტებსა და მათ მხარდამჭერებს სოფელ ნამოხვანში პროტესტისთვის გადაადგილების შესაძლებლობას არ აძლევს.