ამ დროისთვის გერმანიაში სეზონურ სამუშაოზე 54 ქართველია დასაქმებული – სააგენტო

პუბლიკა

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, 2021 წლის 14 აპრილიდან მაისის 14-მდე გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სეზონურ სამუშაოზე ქართული სამუშაო ძალის დასაქმების შესახებ შეთანხმების ფარგლებში, დასაქმდა და შესაბამისად დასაქმების ადგილას, ანუ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, გაემგზავრა დამატებით სამი ჯგუფი (სულ 4 ჯგუფი, 54 პირის შემადგენლობით).

„ამ ეტაპზე საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა ქვემოთ ჩამოთვლილ რეგიონებში: აჭარაში, გურიაში, ზემო იმერეთში, შიდა ქართლში, სამცხე ჯავახეთსა და სამეგრელოში. შესაბამისად, სწორედ აღნიშნული რეგიონების წარმომადგენელთა განაცხადები გაიგზავნა უკვე მოწოდებულ ვაკანსიებზე.

გერმანული მხარის მიერ გამოგზავნილია 27 ვაკანსია, 632 ვაკანტური სამუშაო ადგილით, რომელზე დასაქმებისთვისაც ქართული მხარის მიერ გაგზავნილია დაახლოებით 730 განაცხადი და ველით დასტურს პარტნიორი ქვეყნის შესაბამისი უწყების მხრიდან. შეთანხმების მოქმედების ვადები არ არის შეზღუდული დროში და გაგრძელდება არამხოლოდ 2021, არამედ შემდეგ წლებშიც. შესაბამისად, რეგიონების დაფარვა მოხდება როგორც მიმდინარე ასევე მომდევნო წლებშიც და ქართული მხარე მაქსიმალურად მოახერხებს გერმანიის დასაქმების ფედერალური სააგენტოს მხრიდან საქართველოდან სამუშაო ძალაზე მოთხოვნილი ვაკანტური ადგილების ათვისებას“, – აცხადებენ სააგენტოში.