კახა კალაძე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა

პუბლიკა

თბილისის მერი კახა კალაძე კორონავირუსის საწინააღმდეგო „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრა.

„უხილავ მტერთან ბრძოლის ერთადერთი გზა ვაქცინაციაა. დღეს სინოფარმით ავიცერი ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში, “- ამბობს კალაძე.

ამ დროისთვის საქართველოში 45 წელს ზემოთ მყოფი მოქალაქეებისთვის ვაქცინაცია შესაძლებელია „ასტრაზენეკას“ ვაქცინით, 18 წელს ზემოთ მყოფი მოქალაქეებისთვის კი – „სინოფარმით“. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, მომდევნო კვირიდან აცრა დაიწყება „სინოვაკის“ ვაქცინითაც.

„სინოფარმის“ ვაქცინა მიღებული აქვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია.

ჯანმოს ცნობით, ვაქცინის ეფექტიანობა, მრავალ ქვეყანაში წარმოებული მე-3 ფაზის კვლევის შედეგების მიხედვით, 78.1%-ია. რაც შეეხება კონკრეტულ ქვეყანას – მაგალითად, ბაჰრეინში ვაქცინის ეფექტიანობა 18-დან 60 წლამდე ადამიანებს შორის 90%-ია. 60 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს შორის – 91%.


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 18 მაისის მონაცემებით, ჯამურად ჩატარდა 93 305 აცრა. სრულად ვაქცინირებულია 15 077 ადამიანი.

ბოლო 24 საათის განმავლობაში აიცრა 4021 ადამიანი.

აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522.