„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ არსებულ მდგომარეობასა და იქ მცხოვრებ მოქალაქეებზე მისი გავლენის შესახებ მიმოხილვას აქვეყნებს.
DRI ხელმისაწვდომ მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ კორონავირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირებიდან 2021 წლის 6 მაისამდე ოკუპირებულ აფხაზეთში, სადაც 244 000-მდე ადამიანი ცხოვრობს, ინფიცირებულთა რიცხვმა 14 666–ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 13 660 ადამიანი, გარდაიცვალა 222. მათგან პირველი პაციენტი 2020 წლის 26 აპრილს გარდაიცვალა.
ცხინვალის რეგიონში კი, სადაც მოსახლეობა, დაახლოებით, 49 500-ს შეადგენს, 2021 წლის 6 მაისის მდგომარეობით, 3 409 ინფიცირებული, 3 080 გამოჯანმრთელებული იყო. კორონავირუსით გამოწვეული გარდაცვალების პირველი შემთხვევა 2020 წლის 18 ოქტომბერს დაფიქსირდა, ჯამში კი მას 60–ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
ოკუპირებული რეგიონებიდან მოქალაქეთა ნაწილმა კორონავირუსის მკურნალობის კურსი საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გაიარა.
რაც შეეხება ვაქცინაციას, როგორც „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ წერს, ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის მეშვეობით ვაქცინაციის პროცესი მაისში დაიწყო. მანამდე, მარტში სოხუმსა და ცხინვალს ვაქცინაციაში დახმარება საქართველოს ხელისუფლებამაც შესთავაზა, მაგრამ მათგან უარი მიიღო.
„ცხინვალმა ვაქცინაცია 4 მაისს დაიწყო. აფხაზეთში, „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ წყაროს ცნობით, იმუნიზაციის პროცესი 12 მაისიდან დაიწყო. ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 2000 დოზას პირველ ეტაპზე, სამედიცინო პერსონალი და საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულები მიიღებენ.
აფხაზეთში 6500 დოზით აიცრებიან სამედიცინო პერსონალი და პედაგოგები, შემდეგ სამართალდამცველი ორგანოების თანამშრომლები, სახელმწიფო მოხელეები და ბოლოს, ყველა სხვა მსურველი“, – წერს DRI.
DRI-ის მიხედვით, სოხუმმა პანდემიის დასაწყისში მიიღო სტანდარტული რეგულაციები კომენდანტის საათის შესახებ, აგრეთვე, სასწავლო პროცესის შეწყვეტისა და დისტანციურად გაგრძელების თაობაზე. თუმცა, ამასთან ერთად აფხაზეთში ჩაკეტეს, ე.წ. საზღვრები და მაშინ, როცა რუსეთთან მიმოსვლა აგვისტოდან გაიხსნა, ქართულ მხარესთან მიმოსვლა ამ დრომდე შეზღუდულია.
მხოლოდ 2021 წლის 11 თებერვლიდან რეგიონში მცხოვრებ პირთა გარკვეულ ნაწილს მიეცა ენგურის გავლით მოძრაობის უფლება. ცხინვალს კი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მიმოსასვლელი ყველა პუნქტი ჩაკეტილი აქვს.
როგორც DRI წერს, პანდემიამ და პანდემიის პირობებში დაწესებულმა ამ შეზღუდვებმა კიდევ უფრო გაართულა რეგიონში მცხოვრები მოქალაქეების, განსაკუთრებით კი – ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის მდგომარეობა.
„კრიზისს ამძიმებს გამშვები პუნქტების პერიოდული ჩაკეტვა და გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები, რის გამოც, საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან მედიკამენტების გაგზავნა შეუძლებელი ხდება. პანდემიის ფონზე გალის მოსახლეობა ადეკვატური სამედიცინო მომსახურების მიღებას ვერ ახერხებს“, – წერს DRI.
არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვების შემდეგ გარკვეული ზომები გაატარა ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეებისთვის მდგომარეობის შესამსუბუქებლად. მათ შორის, თარგმნა რეკომენდაციები და წესები, აწვდიდა სამედიცინო აღჭურვილობას ოკუპირებული აფხაზეთის, ე.წ. ხელისუფლებას და სხვ.
თუმცა, DRI წერს, რომ ამის მიუხედავად, ოკუპირებულ რეგიონებში მწვავედ დგას სამედიცინო ინფრასტრუქტურის, Covid-19-ის ტესტირებაზე ხელმისაწვდომობის, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობისა და კვალიფიციური სამედიცინო პერსონალის ნაკლებობის პრობლემა.
DRI ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ გააქტიურდეს ოკუპირებული რეგიონებთან მიმართებაში. უზრუნველყოს ცხინვალსა და აფხაზეთში მცხოვრები ადამიანებისთვის სამედიცინო მომსახურების/მედიკამენტების დროულად მიწოდება. ანტიკრიზისულ გეგმაში გაითვალისწინოს გალსა და ახალგორში მცხოვრები ათასობით თანამოქალაქის სპეციფიკური საჭიროებები.
ასევე, პანდემიის გავლენის შესამცირებლად, ცხინვალსა და აფხაზეთში, აგრეთვე გამყოფ ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის მდგომარეობის შესამსუბუქებლად, შეიმუშაოს მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული მიზნობრივი პროგრამები.