„აბა, ჭიჭყინით და მავთულხლართებთან შარვლის ჩახდით შევაჩერებთ ოკუპაციას?!“ | ვასაძე რუსეთთან დიალოგზე

პუბლიკა

„აბა, ჭიჭყინით შევაჩერებთ ამ მცოცავ ოკუპაციას და შარვლების ჩახდით მავთულხლართებთან? რამე მოგიტანათ პროვოკაციებმა ?!“, – ასე უპასუხა ჰომოფობიური, ქსენოფობიური და ულტრანაციონალისტური განწყობებით ცნობილმა ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტის შეკითხვას, თუ რატომ თვლის ის ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების გზად დიალოგს რუსეთთან.

ვასაძის თქმით, საქართველომ უნდა აწარმოოს პირდაპირი დიალოგი რუსეთთან და მისივე განცხადებით, სახელმწიფოებრივი დიალოგის დაწყება შესაძლებელია სახელმწიფოების ნებისმიერ ორ ლიდერს შორის.

„მკითხეს, არის თუ არა რუსეთი ოკუპანტი და თვალის დაუხამხამებლად ვთქვი, რომ არის რუსეთი ოკუპანტი. მკითხეს, რატომ მიმაჩნია ამის მიუხედავად, რომ ჩვენ უნდა ვაწარმოოთ პირდაპირი დიალოგი რუსეთთან და ვთქვი, რომ ეს არის, ჩემი აზრით, ერთადერთი გამოსავალი ტერიტორიული გამთლიანების“, – გაანცხადა ვასაძემ.

დღეს გამართული პრესკონფერენციისას ლევან ვასაძემ აღნიშნა, რომ მისთვის „ბოლო წვეთი“, რის შემდეგაც პოლიტიკაში ჩართვის გადაწყვეტილება მიიღო, იყო დანიელსონის დოკუმენტზე პოლიტიკური მხარეების ხელმოწერა.

„ამ დოკუმენტში, ჩემი აზრით, გარდა მძიმე გადაწყვეტილებებისა, დამნაშავეების ციხიდან კანონდარღვევით გამოშვებისა, მოხდა კიდევ უფრო დამაზიანებელი რამ – ქვეყნის სუვერენიტეტის უხეში ხელყოფა და შემცირება“, – განაცხადა პრესკონფერენციაზე.

„რუსთავი 2“-ის ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ რატომ გახდა მისთვის პოლიტიკაში მოსვლისთვის „ბოლო წვეთი“ დანიელსონის დოკუმენტი და არა რუსეთის ანექსია, ვასაძე პასუხობს:

„მე ვნახე, რომ ამ დოკუმენტის მიღებით ჩვენ მივედით იმ შიდა სტრუქტურების სახელმწიფოებრივ კოლაფსის საფრთხემდე და საშიშროებამდე, რომლამდეც არ მივსულვართ მთელი ამ წლების განმავლობაში. პრაქტიკულად გადაყვანილნი ვიქენით ხელით მართვაზე“, – ამბობს ვასაძე.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, რატომ გამოირჩევა ლევან ვასაძე „სიმპატიით განმსჭვალული კომენტარებით რუსეთის მიმართ“, ვასაძე პასუხობს:

„კულტურისადმი კიბატონო. კულტურისდამი, ეს სხვა რამეა და როგორც სახელმწიფოსდამი ჩემი მიდგომა, რომ აუცილებელია დიალოგი, არის გამწარებული პრაგმატიკოსის პოზიცია – რეალისტის პოზიცია. მე ვამბობ, ანა-ბანა, 2×2=4. გვინდა დავიბრუნოთ ცხინვალი და აფხაზეთი?! მოგვწონს ჩვენ ეს თუ არ მოგვწონს?! რეალიზმი რა არის – სიმართლისთვის თვალის გასწორება; ილუზიებისა და რომანტიზმისაგან გათავისუფლება; ისეთი რაღაცის გაკეთება რა არ გინდა და ძნელია, მაგრამ აუცილებელია“, – აცხადებს ვასაძე.


ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ დღეს განაცხადა, რომ ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში შემოსვლის გადაწყვეტილება მიიღო და ამ გადაწყვეტილების მიზეზად პერმანენტული კრიზისი დაასახელა.