აბსანძის გათავისუფლება შესაძლოა მის კრიტიკულ მოსაზრებებს უკავშირდებოდეს - კოალიცია

პუბლიკა

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ პარტნიორი ორგანიზაციების შეფასებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თინათინ ბერძენიშვილის მიერ ირაკლი აბსანძის გათავისუფლება ტოვებს აღქმას, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების რეალური საფუძველი ჟურნალისტის მიერ ბოლო პერიოდში ხელისუფლებისა და ტელევიზიის ხელმძღვანელობის მიმართ გაკეთებული კრიტიკული განცხადებები შეიძლება იყოს.

„ბოლო პერიოდში ირაკლი აბსანძე აქტიურად გამოხატავდა საკუთარ პოზიციას ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და კრიტიკულად აფასებდა მათ შორის 5 და 6 ივლისს მედიაზე მასშტაბურ ძალადობას და ხელისუფლების არაეფექტურ რეაგირებას. ირაკლი აბსანძე აკრიტიკებდა თავად ტელევიზიის ხელმძღვანელობას და საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით გასულ სადავო ჟურნალისტურ გამოძიებას დავით გარეჯთან დაკავშირებით. Პირდაპირ ეთერში მან განაცხადა, რომ აღნიშნულმა ჟურნალისტურმა გამოძიებამ „ხელი შეუწყო ივერი მელაშვილის წინააღმდეგ სიძულვილის კამპანიის გაძლიერებას…

ირაკლი აბსანძის გათავისუფლება ქვეყანაში კრიტიკულად გაუარესებულ მედიაგარემოს და წინასაარჩევნო პერიოდს ემთხვევა, რაც კიდევ უფრო აღრმავებს ეჭვებს საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობის მიმართ. უნდობლობას იწვევს ასევე მაუწყებლის გენერალური დირექტორის ბრძანების სამართლებრივი საფუძვლები და აღნიშნული გადაწყვეტილება შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ ჟურნალისტის გათავისუფლება მის კრიტიკულ მოსაზრებებს უკავშირდება.“,- ნათქვამია განცხადებაში.

დღეს, 10 აგვისტოს „პირველი არხის“ გადაცემა „კვირის ინტერვიუს“ წამყვან ირაკლი აბსანძეს საზოგადოებრივი მაუწყებლიდან აცნობეს, რომ არხი მასთან შრომით ურთიერთობას წყვეტს.