„აჭარიდან 15-20 დამფუძნებელი ვტოვებთ პარტიას“ - გახარიას პარტიის თანადაფუძნებელი

პუბლიკა

„აჭარიდან 25 დამფუძნებელი ვიყავით, დაახლოებით 15-20 დამფუძნებელი ვტოვებთ ამჟამად პარტიას“ – განაცხადა პარტია „საქართველოსთვის“ თანადამფუძნებელმა აჭარიდან, ტარიელ ქათამაძემ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე.

„პარტია „საქართველოსთვის“ აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ირაკლი მიქელაძის პოლიტიკური კურსი ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელი და გაუგებარია. ირაკლი მიქელაძე გადაწყვეტილებებს იღებს განხილვის გარეშე, ერთპიროვნულად და გუნდის სურვილის მიუხედავად. ის მეორე ტურში დახმარების სანაცვლოდ ითხოვდა აჭარის პარტიული ორგანიზაციის მოქმედი აღმასრულებელი მდივნის, თამილა ფაღავას ბათუმის აპარატის უფროსობას, რაზეც ოპოზიციური კოალიციისგან მკაფიო უარი მიიღო, უარის მიღების შემდეგ ოპოზიციურ ფლანგს დახმარების სანაცვლოდ მოსთხოვდა ბათუმის ვიცემერობა თავისი კანდიდატურის წამოყენებით, რაზეც მიიღო თანხმობა და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატურის სასარგებლოდ, მეორე ტურის წინ დაიწყო ხმების შეგროვება. ასევე, არჩევნების შემდგომ ის საკრებულოს დარჩენილი 2 წევრით მუდმივად მანიპულირებდა და თავისი პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე აწარმოებდა პოლიტიკურ ვაჭრობას“, – აცხადებს პარტია „საქართველოსთვის“ თანადამფუძნებელი, ტარიელ ქათამაძე.

„პუბლიკა“ გიორგი გახარიას პარტიის პრესსამსახურთან ცდილობს დააზუსტოს, დანამდვილებით რამდენმა წევრმა დატოვა პარტია, ასევე  როგორია ირაკლი მიქელაძის პოზიცია უკვე ყოფილი თანაგუნდელების განცხადების შესახებ. ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.