ადგილობრივი მინისტრებს: იმდენად დაგაგვიანდათ, რომ სპეცრაზმმა ორჯერ მოგასწროთ

პუბლიკა

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა და გარემოს დაცვის მინისტრი ლევან დავითაშვილი ცაგერიდან სოფელ ნამოხვანში რიონის ხეობის მცველებთან შესახვედრად ჩავიდნენ.

შეხვედრის დროს ადგილობრივმა, მაკა სულაძემ  მინისტრებს უსაყვედურა, რომ მათი ვიზიტი დაგვიანებულია:

„კარგია, რომ დღეს მობრძანდით, მაგრამ ჩვენ თქვენს ასეთ მობრძანებას უფრო ადრე ველოდით. დიდი საყვედური ჩემგან დაგვიანებისთვის, იმდენად დაგაგვიანდათ, ბატონებო და ქალბატონებო, რომ სპეცრაზმმა ორჯერ მოგასწროთ და ეს იყო ძალიან შეურაცხმყოფელი ჩვენთვის, როდესაც უცხოური კომპანიის თვალწინ – ჩვენ, სამართლიანად ჩვენი ქვეყნის დამცველებს – შეურაცხყოფას გვაყენებდნენ“, – მიმართა მინისტრებს მაკა სულაძემ.

ნათია თურნავამ კი უპასუხა, რომ მისი ემოციის ესმის, თუმცა შეხვედრა პანდემიის გამო დაგვიანდა. მინისტრი მიიჩნევს, რომ დიალოგი ახლაც არ არის დაგვიანებული.

„ჩვენ გვესმის ახლა თქვენი ემოციის და იმაშიც გეთანხმებით, რომ ალბათ, რომ არა კოვიდი, პანდემია და შეზღუდვები, ჩვენ ალბათ უფრო ადრე ჩამოვიდოდით თქვენთან. მაგრამ დარწმუნებული ვართ მეც, ბატონი ლევანიც და მთლიანად ხელისუფლება, რომ ეს დიალოგი ახლაც არ არის დაგვიანებული“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის თქმით, თავად იმ ხელისუფლებას წარმოადგენს, რომელსაც ვერ დააბრალებენ, რომ ადამიანებს არ უსმენენ.

„არა, მაგას ნამდვილად დაგაბრალებთ“, – უპასუხა მაკა სულაძემ.

მაკა სულაძემ ეკონომიკის მინისტრს სთოხვა, პანდემიას ნუ დააბრალებდა დაგვიანების მიზეზს.

„ჩვენ სანამ ქუჩაში გამოვიდოდით, სამართლებრივი გზით ვცადეთ პროტესტის დაფიქსირება… ერთ-ერთი მოსარჩელე მე გახლავართ, პირადად თქვენს სახელზე შევიტანე, ერთი წელი გავიდა და განხილვაში არ არის. რატომ? ამასობაში კომპანია აუბედურებს აქაურობას. იცით რა ლამაზი ჩანჩქერი გაუბედურდა აქ? დავუშვათ და ჩვენს პოზიციაზე რომ დადგეთ, მერე რა ვუყოთ იმ გაუბედურებულ ხეობას, ტყეს?“, – მიმართა მინისტრებს ადგილობრივმა.