ადგილწარმოშობის ღვინო „ტვიშს“ ნამახვანჰესის მშენებლობით შესაძლოა, საფრთხე დაემუქროს - სომელიეთა ასოციაცია

პუბლიკა

საქართველოს სომელიეთა ასოციაცია განცხადებას ავრცელებს, სადაც ნამახვანჰესის მშენებლობის შედეგად ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო „ტვიშისთვის” შექმნილ შესაძლო საფრთხესთან დაკავშირებით საუბრობს.

როგორც სომელიეთა ასოციაცია ამბობს, ისინი ადასტურებენ იმ უდიდეს მნიშვნელობას, რომელიც ქართულ მეღვინეობაში აქვს ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო „ტვიშს“.

„ვთვლით, რომ აღნიშნულ მნიშვნელოვან ქართულ აპელასიონს შესაძლოა საფრთხე დაემუქროს ნამახვანჰესის მშენებლობით გამოწვეული მიკროკლიმატის შესაძლო ცვლილებით. ჩვენ მივესალმებით ნებისმიერ ახალ ბიზნესპროექტს, რომელიც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე, მათ შორის, ენერგეტიკის სფეროს უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის ხარისხის ზრდაზეა ორიენტირებული. ვერ შევეხებით, ჩვენი კომპეტენციის გარეთ მყოფ გეოლოგიური და ჰიდროლოგიური უსაფრთხოების საკითხებს“, – წერია საქართველოს სომელიეთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ასოციაცია თანაუგრძნობს და თანადგომას უცხადებს ადგილობრივ მოსახლეობას, რომელიც, მათი თქმით, საუკუნეებია, ელექტროსადგურის ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის განკუთვნილ ტერიტორიებზე ცხოვრობს და მშენებლობის განხორციელების შემთხვევაში, მშობლიური ადგილების სამუდამოდ დატოვება მოუწევს.

საქართველოს სომელიეთა ასოციაცია მოითხოვს, გასაჯაროვდეს ტვიშთან დაკავშირებული კვლევა და მასში მოყვანილი დასკვნების საფუძველზე მოხდეს ქართული საზოგადოების, მათ შორის, მევენახეობა-მეღვინეობის დარგის წარმომადგენლების სრულყოფილი ინფორმირება შესაძლო შედეგებთან დაკავშირებით.

„დარგის წარმომადგენლებს, ისევე, როგორც ქართულ საზოგადოებას, სრული და ლეგიტიმური უფლება გვაქვს, ვიცოდეთ, მიკროკლიმატის რა ცვლილებებია მოსალოდნელი ჰიდროელექტროსადგურის კომპლექსის მშენებლობის შედეგად; რა გავლენას მოახდენს იგი ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და უნიკალური ტვიშის აპელასიონზე, ადგილობრივ მევენახეობასა და აქ მოყვანილი ყურძნისგან შექმნილი ღვინის ხარისხზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.


მდ. რიონზე (წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში) დაგეგმილია ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებელობა.  პროექტით მიხედვით, გათვალისწინებულია 2-საფეხურიანი ჰესების კასკადის მოწყობა. თითოეულ საფეხურზე მოეწყობა კაშხალი, წყალსაცავი, წყალგამტარი გვირაბები, ჰესის შენობა, ქვესადგური და ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტები.

არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, ნამახვანის ჰესების პროექტი  433 მეგავატის სიმძლავრის ჰესების კასკადს წარმოადგენს და მოიცავს ორ მაღალკაშხლიან რეზერვუარს. მისი განხორციელება გამოიწვევს 610 ჰა ტერიტორიის დატბორვას და, გარემოსთვის შექმნილ სხვა საფრთხეებთან ერთად,  გაქრობით ემუქრება ყურძნის უნიკალური ჯიშის – ტვიშის მიკროზონას.