აფხაზეთის მთავრობა გოგა ხაინდრავას ფილმისთვის 200 300 ლარის გადახდას აპირებს

პუბლიკა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სურს, გოგა ხაინდრავას ფილმ „მუჰაჯირობის“ გადაღებისთვის 200 ათას 300 ლარი გამოუყოს.

ინფორმაცია ამის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე გამოქვეყნდა. წერილით, რომელსაც ხელს აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი როლანდ ნიჟარაძე აწერს, მოთხოვნილია, რომ ფილმის გადასაღებად საჭირო მომსახურება გამარტივებული შესყიდვით მოხდეს. პროცედურის მიხედვით, გამარტივებულ შესყიდვას [კონკრეტულ პირთან მოლაპარაკებას] შესყიდვების სააგენტოს თანხმობა სჭირდება.

თავდაპირველად მასალა ამ თემაზე „რადიო თავისუფლებამ” მოამზადა.

რას წერს როლანდ ნიჟარაძე წერილში:

„კინორეჟისორმა და კინო დოკუმენტალისტმა, შპს ,,კინო და ღვინოს“ ხელმძღვანელმა – გიორგი ხაინდრავამ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ქვეპროგრამის ,,ქართულ-აფხაზური კულტურის პოპულარიზაცია“ ფარგლებში წარმოადგინა პროექტი სახელწოდებით დოკუმენტური ფილმი ,,მუჰაჯირები“ – ციკლიდან „სიმართლე აფხაზეთზე“, რომლის მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 341 111 ლარს, ხოლო სამინისტროდან პროექტის განსახორციელებლად მოთხოვნილ იქნა 200 300 ლარი.

პროექტის ავტორი რეჟისორი გოგა ხაინდრავა დოკუმენტურ მასალებსა და ისტორიული წყაროებზე დაყრდნობით გეგმავს აფხაზი ხალხის ისტორიის ამ უდიდეს ტრაგიკულ მოვლენაზე რეალური სურათის ჩვენებას. ვინაიდან რუსული საოკუპაციო პროპაგანდა ისტორიის გაყალბებით, რეალობის დამახინჯებით, სიცრუითა და ცილისწამებით დღემდე ცდილობს დააზიანოს ქართულ-აფხაზური ურთიერთობები, მივიჩნევთ, რომ დოკუმენტური ფილმის შექმნა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საქმეს წარმოადგენს, რომელიც ნათელს მოჰფენს რეალობას და მსოფლიოს გააცნობს ისტორიულ სიმართლეს.

სწორედ ამიტომ, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ამოცანად გვესახება ანტიქართულ, აგრესიულ პოლიტიკას დავუპირისპიროთ გონივრული, მიზანმიმართული, ისტორიულ სიმართლესა და სამართლიანობაზე აგებული ფართომაშტაბიანი კამპანია, რომელიც ნათელს მოჰფენს რეალობას.

დოკუმენტური ფილმი მსოფლიოს გააცნობს ობიექტურ ისტორიას, სადაც ქართველი და აფხაზი ერთნაირადაა დიდი იმპერიის მსხვერპლი. ამდენად, ამ ისტორიული მოვლენის სათანადოდ გაანალიზება და ფართო საზოგადოებისთვის სიმართლის ჩვენება სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ხასიათს ატარებს”, – წერია შესყიდვების სააგენტოს თანმჯდომარის სახელზე მიწერილ დოკუმენტში.

შესყიდვების ვებგვერდზე ასევე წარმოდგენილია ბიუჯეტის ხარჯთაღრიცხვა [ჯამში 200 300 ლარი]:

საავტორო ხარჯი სულ 19000 ლარი:

  • სცენარი 7000 ლარი;
  • რეჟისორი 8000 ლარი;
  • კომპოზიტორი 3000 ლარი;
  • მხატვარი 1000 ლარი;

წარმოების ჯგუფი სულ 77400 ლარი:

  • რეჟისორის ასისტენტი 12000 ლარი;
  • ოპერატორი 15000 ლარი;
  • ოპერატორის ასისტენტი 12200 ლარი;
  • ხმის ჯგუფი 12200 ლარი;
  • განათების ჯგუფი 10750 ლარი;
  • გრიპის ჯგუფი 3550 ლარი;
  • წარმოების მენეჯერი 7000 ლარი;
  • ფოტოგრაფი 2500 ლარი;
  • მკვლევარი 2200 ლარი;

საარქივო მასალების მოძიება ქვეყნის გარეთ სულ 78000 ლარი:

  • საარქივო მასალების მოძიება თურქეთში (2 კაცი *18 დღე) 12000 ლარი;
  • საარქივო მასალების მოძიება ჩრდილო კავკასიაში (გროზნო,
    მახაჩკალა 2 კაცი *14 დღე) 8000 ლარი;
  • საარქივო მასალების მოძიება მოსკოვი (2 კაცი 14 დღე) 15000 ლარი;
  • საარქივო მასალების მოძიება ლონდონი (2 კაცი 14 დღე) 8000 ლარი;
  • საარქივო მასალები 25000 ლარი;

ხმა და მუსიკა სულ 12000 ლარი:

  • მთხრობელი 3000 ლარი;
  • აუდიო ბაზა 1000 ლარი;
  • საარქივო მასალები საქართველოში 8000 ლარი;

ოფისი სულ 4000 ლარი:

  • საკომუნიკაციო ხარჯი 800 ლარი;
  • საკანცელარიო მასალები 500 ლარი;
  • საფოსტო მომსახურება 200 ლარი;
  • იურიდიული მომსახურება 1500 ლარი;
  • საბუღალტრო მომსახურება 1000 ლარი;

გაუთვალისწინებელი ხარჯი 9900 ლარი.