ახალბედა მძღოლებისთვის გამოსაცდელი პერიოდის დაწესება იგეგმება - რა წერია სტრატეგიის დოკუმენტში

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრის დადგენილებით, დამტკიცდა საქართველოს 2026 − 2030 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია და 2026-2027 წლების სამოქმედო გეგმა.

სტრატეგიის დოკუმენტში წერია, რომ ახალბედა მძღოლებისთვის გამოსცდელი ვადის დაწესება იგეგმება:

„გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში ახალბედა მძღოლები საგზაო უსაფრთხოების თვალსაზრისით მაღალი რისკის მქონე ჯგუფს წარმოადგენენ, იგეგმება მათთვის სპეციალური გამოსაცდელი პერიოდის დანერგვა.

აღნიშნული პერიოდის ფარგლებში იგეგმება ახალბედა მძღოლების მიერ ჩადენილი საგზაო მოძრაობის წესების დარღვევების მიმართ დიფერენცირებული და უფრო მკაცრი სამართლებრივი რეაგირების მექანიზმების გამოყენება, მათ შორის ფინანსური სანქციების გამკაცრებისა და მართვის მოწმობის ქულების გაზრდილი რაოდენობით ჩამოკლების გზით.

ასეთი მიდგომა ხელს შეუწყობს დამწყები მძღოლების ქცევის კორექტირებას, პასუხისმგებლობის მაღალი სტანდარტის ჩამოყალიბებას და, საბოლოო ჯამში, მათი მონაწილეობით საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციას”, – ვკითხულობთ დოკუმენტში.

დოკუმენტში საუბარია გამოუცდელი მძღოლებიდან მომდინარე რისკებზეც და მართვის მოწმობის აღების მიზნით სასწავლო პროცესში არსებულ გამოწვევებზეც.

„ახალბედა მძღოლები საგზაო მოძრაობის მომეტებულ რისკის წყაროს წარმოადგენენ. ზემოაღნიშნული ფაქტორი რამდენიმე მიზეზითაა განპირობებული. პირველ რიგში, მათ აკლიათ პრაქტიკული გამოცდილება, რის გამოც უჭირთ საფრთხის წინასწარ განსაზღვრა და რთულ საგზაო სიტუაციებში გადაწყვეტილების სწრაფად მიღება.

ამასთან, არასაკმარისი გამოცდილება მოიაზრებს მართვის ტექნიკასთან დაკავშირებულ სირთულეებს, რაც ზრდის სატრანსპორტო საშუალების მართვისას შეცდომების დაშვების ალბათობას. დამატებით, ახალგაზრდულ ასაკთან დაკავშირებული ფსიქოლოგიური ფაქტორები – რისკისადმი მეტი ტოლერანტობა, სიჩქარისადმი მიდრეკილება და თანატოლების ზეგავლენა – აძლიერებს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ალბათობას”, – ვკითხულობთ დოკუმენტში.

მასში ასევე მოყვანილია შსს-ის 2025 წლის მონაცემებიც, რის მიხედვითაც, საქართველოში 2024 წელს განხორციელებული კვლევის თანახმად, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების 18% მეტი 4 წლამდე გამოცდილების მქონე მძღოლების ბრალეულობით ხდება.

დოკუმენტში ვკითხულობთ იმასაც, რომ ევროკავშირში 2025 წელს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომელიც მიზნად ისახავს ახალბედა მძღოლებისთვის მინიმუმ ორწლიანი გამოსაცდელი პერიოდის დაწესებას, რომლის განმავლობაშიც მძღოლის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევები გამოიწვევს მეტად მკაცრ სანქცირებას.

სტრატეგიის დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ მძღოლთა მოსამზადებელ დაწესებულებების სისტემაში არაერთი გამოწვევაა.

„კერძოდ, მოსამზადებელი დაწესებულებები არ ექვემდებარება ინფრასტრუქტურული შესაბამისობის სავალდებულო შეფასებას, ასევე არ არის რეგულირებული მათი საქმიანობის მონიტორინგი და ინსპექტირება. გარდა ამისა, საკანონმდებლო ჩარჩო არ განსაზღვრავს მძღოლთა მომზადების დაწესებულებების სამართლებრივ სტატუსს ერთიანი და მკაფიო ფორმით, აგრეთვე არ არის დადგენილი ინსტრუქტორთა სერტიფიცირების ვალდებულება და მათი პროფესიული კომპეტენციის მინიმალური სტანდარტები.

ამასთანავე, კანონმდებლობა არ ითვალისწინებს სატრანსპორტო საშუალებების კატეგორიების მიხედვით სტრუქტურირებული სასწავლო პროგრამების არსებობას, მათი შინაარსობრივი კომპონენტებისა და სწავლების მინიმალური ხანგრძლივობის გათვალისწინებით”, – წერია დოკუმენტში.