„ალკოჰოლური ბლოკირების მოწყობილობა" - მთავრობა მანქანებში ამ კომპონენტის დამატებაზე მუშაობს

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრის დადგენილებით, დამტკიცდა საქართველოს 2026 − 2030 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია და 2026-2027 წლების სამოქმედო გეგმა.

სტრატეგიის დოკუმენტში წერია, რომ გაგრძელდება მუშაობა მანქანებაში ე.წ. „ალკოჰოლური ბლოკირების მოწყობილობის“ დასანერგად, რომელიც მძღოლს არ აძლევს მანქანის დაძვრის საშუალებას, თუ ორგანიზმში ალკოჰოლის შემცველობა აღემატება დასაშვებ ნორმას.

დოკუმენტში მოყვანილია კვლევის მონაცემიც, რის მიხედვითაც, ბლოკირებადი სამუხრუჭე სისტემა (ABS) 20-25%-ით ამცირებს ფატალურ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებს.

„არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის პრევენციისათვის საერთაშორისო გამოცდილება აჩვენებს, რომ ეფექტურია ინტეგრირებული, მრავალმხრივი მიდგომა, რომელიც აერთიანებს როგორც მკაფიო სამართლებრივ რეგულაციებს, ისე მათ პრაქტიკულ აღსრულებას.

აღნიშნულის გათვალისწინებით, გაგრძელდება იმ პრევენციული და სამართალდამრღვევზე ორიენტირებული ღონისძიებების განხორციელება, რომლებიც უზრუნველყოფს არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მძღოლების ეფექტურ გამოვლენას, შესაბამისი სამართლებრივი რეაგირების განხორციელებას და მძღოლთა ცნობიერების ამაღლებას. ამასთანავე, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ნარკოტიკული თრობის მდგომარეობაში ავტომობილის მართვასთან დაკავშირებული სამართალდარღვევების გამოვლენის შესაძლებლობების გაძლიერებას, მათ შორის, ქვეყნის მასშტაბით ნარკოტიკული საშუალებების გამოვლენის სპეციალური ტექნიკური საშუალებების ეტაპობრივ დანერგვასა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა გადამზადებას მსგავსი მდგომარეობის მქონე მძღოლების იდენტიფიცირების გაუმჯობესების მიზნით.

ასევე, გაგრძელდება მუშაობა ტექნოლოგიური ინოვაციების დანერგვასთან დაკავშირებით, როგორიცაა ავტომობილში ე.წ. „ალკოჰოლური ბლოკირების მოწყობილობების“ (Alcohol Interlocks) იმპლემენტაცია, რომლებიც მძღოლს არ აძლევს სატრანსპორტო საშუალების ძრავის ამოქმედების საშუალებას, იმ შემთხვევაში, თუ მის ორგანიზმში ალკოჰოლის შემცველობა აღემატება კანონმდებლობით დასაშვებ ნორმას.

ამდენად, საქართველოს ბაზარზე ავტომობილის განთავსებისათვის შესაბამისი სტანდარტის დადგენისას იგეგმება ზემოაღნიშნული კომპონენტის გათვალისწინება”, – წერია დოკუმენტში.