ახალი რეგულაციებიც იქნება, ამაზე ვმუშაობთ - თურნავა

პუბლიკა

„შემდეგი ნაბიჯი არის პაუზა”, – ასე უპასუხა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ ჟურნალისტის კითხვაზე, რა იქნება შემდეგი სფერო, რომელსაც ხელისუფლების გადაწყვეტილებით შემსუბუქება შეეხება.

მინისტრის განმარტებით, იქიდან გამომდინარე, რომ თებერვლის პირველი ორი კვირის განმავლობაში საკმაოდ დიდი მობილობის მქონე მიმართულებები გაიხსნა, მათ შორის სკოლები და საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მნიშვნელოვანია, რომ შემდეგი ორი კვირა ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე დაკვირვება მოხდეს და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდეს, დარჩენილი, არც თუ ისე ბევრი სფეროს გახსნა. მისივე თქმით, სავარაუდოდ, თებერვლის ბოლოს გახდება ცნობილი, რა იქნება შემსუბუქების შემდეგი ეტაპი.

„შემდეგი ნაბიჯი არის პაუზა, რას ნიშნავს პაუზა, ჩვენ, პრაქტიკულად, წინა სამი კვირის განმავლობაში კვირაში თითო ან ორი დიდი აქტივობა გავხსენით, ახლა ჩვენ, დაახლოებით, ერთი ორი კვირა მაინც, უნდა დავაკვირდეთ. ეს არის ეპიდემიოლოგების ძალიან მყარი და არგუმენტირებული პოზიცია, იმიტომ, რომ თავისი მოქმედების ციკლი აქვს ამ ვირუსს, თავისი ინკუბაციური პერიოდი და დაახლოებით, ორი კვირა მაინც გვინდა, რომ დავინახოთ, რა ხდება. თებერვლის ბოლოს უკვე გვეცოდინება და სხვათა შორის, ასეც გვქონდა ჩვენ ნათქვამი, რომ თებერვალში ეს დიდი ბლოკი და უკვე მარტიდან, თუ არაფერი არ გაუარესდა, ჩვენ უკვე შეგვიძლია ვისაუბროთ დამატებით გახსნებზე“, – განაცხადა თურნავამ.

მინისტრის განმარტებით, ბიზნესის გახსნის პარალელურად ეპიდვითარების კონტროლის მიზნით დაწესდება ახალი შეზღუდვებიც, რომელზეც მთავრობა უკვე მუშაობს. 

„ახალი რეგულაციებიც იქნება, ამაზე ჩვენ ვმუშაობთ. ყველამ ერთად უნდა გავიაზროთ პასუხისმგებლობა. ეს არ არის მარტო ჩვენი ცალმხრივი პასუხისმგებლობა, მთავრობის, ეს არის მთელი საზოგადოების პასუხისმგებლობა.

ჩვენ დაკვირვების პროცესში ვართ, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რაზეც ახლა ვმსჯელობთ, ერთი ორი კვირა მაინც საჭიროა იმისთვის, რომ ჩვენ რაღაც დამატებითი გადაწყვეტილებები მივიღოთ…”, – განაცხადა თურნავამ.