„ახლა მას ასამართლებს ყველაზე ცუდი მსაჯული - მასა, ამ Metoo კამპანიით“ - ხვიჩია ბერაზე

პუბლიკა

პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ „TV პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ ამ ჩანაწერების გავრცელებას მიზანი სულ მცირე ორი რამ შეიძლება ყოფილიყო, ერთი – ღარიბაშვილის წინააღმდეგ შიდა ბრძოლა, მეორე – მოლაპარაკებების ჩიხში შეყვანა.

იაგო ხვიჩიას თქმით, ახლა მიმდინარე პროცესი ბევრი ადამიანის ინტერესში შეიძლება შედიოდეს. მან ასევე განაცხადა, რომ ბერა ივანიშვილს ახლა ასამართლებს ყველაზე ცუდი მსაჯული – ადამიანების მასა, Metoo კამპანიით.

„ის რომ პრემიერი ღარიბაშვილი არ შეესაბამებოდა დაკავებულ თანამდებობას, ეს ჩვენ ამ ვიდეოების ნახვამდეც ვიცოდით.

ეს Metoo კამპანია, რომელიც არის ახლა აგორებული ჰგავს ადამიანის რაღაცნაირ შუა საუკუნეობრივ  საჯაროდ გასამართლების პროცესს, სადაც ქვას ესროდნენ, ან ლაფას ან კეტს ან რაღაც ასეთს, ჩაქოლვის პროცესს, ზოგადად.

ვინემ დამნაშავეა თუ უდანაშაულო, ამის მიუხედავად, თვითონ ეს ძალიან ცუდი ფორმაა მართლმსაჯულების აღსრულების  და ასე არ წყდება, Metoo კამანიებით არ წყდება ვინ მტყუანია და ვინ მართალი. ზოგადად, მართსაჯულების საკითხები.

ბიძინა ივანიშვილის მთავარი დანაშაული საკუთარი შვილის წინაშეც მათ შორის არის, რომ არ შეგვიქმნა ისეთი ადგილი საქართველოში, სადაც ბერას შეეძლებოდა მისვლა და ლაპარაკი. ანუ მისი მხრიდან ნანახი რეალობის ახსნა.

ახლა ფაქტობრვად მას ასამართლებს ყველაზე ცუდი მსაჯული, მასა. ადამიანების მასა. არჩევს მტყუან -მართალს, ამ „მითუ“ კამპანიებით. ეს არ შეიძლება სწორი იყოს და ჩვენ ამაზე უნდა დავფიქრდეთ გვინდა თუ არა, რომ რომელიმე ჩვენთაგანი მასამ გაასამართლოს, Metoo კამპანიებით ყოველგვარი მტკიცებულების და დეტალების გამოკვლევის გარეშე,” – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.


ტელეკომპანია „პირველმა” 6 მარტს გაავრცელა ჩანაწერები, რომელზეც, სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი, პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი და სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე ფიგურირებენ და გეგმავენ ანგარიშის გასწორებას მათთვის, ვინც სოციალურ ქსელებში ბერა ივანიშვილის მიმართ შეურაცხმყოფელ კომენტარებს წერდა.

ჩანაწერის ავთენტურობა დადგენილი არ არის, თუმცა ტელეკომპანიის ჟურნალისტები ამბობენ, რომ მათ ხელში ჩაუვარდათ 4 აუდიოჩანაწერი, რომელთაგან ირკვევა, რომ ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი ამჟამინდელ უმაღლესი თანამდებობის პირებს, სავარაუდოდ, ავალებს გაუსწორდნენ მის კრიტიკოსებს, მათ შორის არასრულწლოვანს.