კალაძე: ივანიშვილი ქველმოქმედია, ევროპარლამენტის რეზოლუცია - ბინძური ლობიზმის შედეგი

პუბლიკა

თბილისის მერი და „ქართული ოცნების” გენერალური მდივანი, კახა კალაძე ბიძინა ივანიშვილს „უდიდეს ქველმოქმედს” უწოდებს, ევროპარლამენტის რეზოლუციას კი, რომელშიც დეოლიგარქიზაციაზეა ლაპარაკი – „ბინძური ლობიზმის“ შედეგს.

კალაძემ ეს განცხადება დღეს სწორედ დეოლიგარქიზაციის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ გააკეთა.

დეოლიგარქიზაცია ევროკომისიის 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთია, რომელიც საქართველომ EU-ის კანდიდატის სტატუსის მისაღებად უნდა შეასრულოს.

კახა კალაძემ თქვა:

„ჩვენ დაწყებული გვქონდა კანონზე მუშაობა. თუმცა, გავჩერდით ჩვენი მეგობრების მოთხოვნით. მოგვცეს გზამკვლევი, თუ რა მიმართულებით უნდა წავსულიყავით. ორი დღის წინ პრემიერმა გააკეთა ამასთან დაკავშირებით განცხადება და, რა თქმა უნდა, ყველაფერი ისე გაკეთდება, როგორც ჩვენი ევროპელი მეგობრების მხრიდან იყო“.

ამავე კონტექსტში ის ბიძინა ივანიშვილს გამოექომაგა და კიდევ ერთხელ ახსენა „სისხლიანი რეჟიმი”.

„ის  არის ადამიანი, რომელსაც უდიდესი ქველმოქმედება აქვს ქვეყანაში გაკეთებული. აღარ ჩამოვთვლი პროექტებს, რაც ამ ადამიანმა და მისმა საქველმოქმედო ფონდმა გააკეთა, აკეთებს და დარწმუნებული ვარ, მომავალშიც გააკეთებს ამ ქვეყნის განვითარებისთვის. მე თუ მკითხავთ, მისი ყველაზე დიდი ქველმოქმედება და მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო, როდესაც ის პოლიტიკაში შემოვიდა 2011 წელს და ის სისხლიანი რეჟიმი, ის ბოროტება, რომელიც დაკავებული იყო ოჯახების, ადამიანების გაუბედურებით, ბიზნესის რეკეტით, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვით, გაუშვა იქ, სადაც გასაშვები იყო“. – თქვა კალაძემ.

რაც შეეხება ევროპარლამენტის რეზოლუციას, კალაძე კიდევ ერთხელ ესხმის თავს საქართველოს დასავლელ პარტნიორებს და ამბობს, რომ ეს დოკუმენტი, ისევე, როგორც „ევროპარლამენტარების განცხადებები, რომლებიც საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ იყო მიმართული, ფულის სანაცვლოდ არის მიღებული.

რეზოლუციაში, რომელიც ევროპარლამენტმა 2022 წელს მიიღო, ნათქვამია, რომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველომ უნდა დაიწყოს იმ ძირითადი პრიორიტეტების შესრულება, რომლებიც მითითებულია კომისიის მიერ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების დასკვნის შესახებ მოსაზრებაში.

ევროკომისიის პრიორიტეტებს შორის კი არის: სასამართლოს გათავისუფლება პოლიტიკური ზეგავლენისგან, მედიის თავისუფლების დაცვა და დეოლიგარქიზაცია.

კალაძის თქმით:

„რაც შეეხება იმ ბინძურ პროპაგანდას, რაც ვნახეთ, ყველასთვის ცნობილი გახდა, რომ ეს იყო კონკრეტული თანხების სანაცვლოდ, ლობიზმის შედეგად მიღებული რეზოლუციები. ეს არის სამწუხარო რეალობა და მინდა ვუთხრა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას – ეს ევროპა არ არის, მეგობრებო. ევროპული მომავალი და ის, რისკენაც ჩვენ მივისწრაფვით, არ არის ეს. ეს არის სიბინძურე, რაც ჩვენ ვნახეთ. ნამდვილი ევროპა და ევროპული მომავალი არის ღირებულებებზე და ფასეულობებზე დაფუძნებული, ეს არის სამართლიანობა. რაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვნახეთ, არ არსებობს და ძალიან დიდი სიბინძურეა ეს ყველაფერი. აღმოჩნდა, რომ თუ ფულს გადაიხდი, შესაძლებელია ნებისმიერი რეზოლუციის მიღება. სამწუხაროა ზოგიერთი ევროპარლამენტარის მხრიდან გაკეთებული სამარცხვინო განცხადებები ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში და ჩვენ როდესაც ამას ვპასუხობთ და ვიცავთ სიმართლეს, თავდასხმას უწოდებთ, თუმცა ქვეყნის მოსახლეობა რეალურად ხედავს რეალობას“,  – განაცხადა კახა კალაძემ.

„ქართული ოცნების” კანონპროექტს დეოლიგარქიზაციის შესახებ პარლამენტის იურიდიული კომიტეტი დღეს მესამე მოსმენით განიხილავს. მმართველი პარტიის მტკიცებით, კანონი ანალოგიური უკრაინული დოკუმენტის მიხედვით დაწერეს.

მასში ჩამოთვლილია ოლიგარქობის 4 კრიტერიუმი:

  • პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა;
  • მედიაზე მნიშვნელოვანი გავლენის ქონა;
  • დომინანტური მდგომარეობა, მაგალითად, ბაზარზე დომინანტის როლი;
  • მდგომარეობა, როცა პირის სარგებლობაშია საარსებო მინიმუმთან შედარებით მილიონჯერ მეტი ოდენობის თანხა.

პირი ოლიგარქად მაშინაც შეიძლება ჩაითვალოს, თუ ის ამ 4 პირობიდან 3-ს აკმაყოფილებს.

თუმცა, ვენეციის კომისიამ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, არ მიიღოს წარმოდგენილი კანონპროექტი, ვინაიდან „სისტემური მიდგომის ნაცვლად, საქართველომ ოლიგარქიზაციის დამანგრეველ გავლენასთან საბრძოლველად პერსონალური მიდგომა აირჩია და მიუხედავად იმისა, რომ კანონის გადამუშავებულ ვარიანტში სადამსჯელო ზომებისა და შეზღუდვების უმეტესობა გაუქმებულია, შესაძლო პოლიტიკური მიზნებით კანონის ბოროტად გამოყენება საფრთხეს უქმნის კანონის უზენაესობასა და პოლიტიკურ პლურალიზმს“.