ALGORITHM WATCH: შსს-მ სახის ამომცნობი სისტემა მოსკოვში დაფუძნებული სანქცირებული კომპანიისგან შეისყიდა

პუბლიკა

„როგორ ზღუდავს რუსული სათვალთვალო პროგრამული უზრუნველყოფა ქართველი მშვიდობიანი მოქალაქეების უფლებებს“ –  ამ სათაურით აქვეყნებს გამოძიებას ორგანიზაცია AlgorithmWatch, რომელიც იკვლევს და აკვირდება, თუ როგორ მოქმედებს ალგორითმები და ხელოვნური ინტელექტის სისტემები ადამიანების უფლებებზე, დემოკრატიასა და საზოგადოებაზე.

გამოძიების თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 2013 წლიდან სახის ამომცნობ სპეციალურ სისტემას – Polyface მოსკოვში დაფუძნებული კომპანია Papillon AO-სგან ყიდულობს, რომელიც კავშირშია უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურთან (FSB).

გამოძიებაში აღნიშნულია, რომ Papillon AO სანქცირებულია შვეიცარიის, უკრაინის, იაპონიისა და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ. კომპანიის პროდუქტების ძირითადი ნაწილს კი რუსეთის სამართალდამცავი ორგანოები და რუსეთის მოკავშირე სახელმწიფოები – ტაჯიკეთი, თურქმენეთი, ყაზახეთი და ბელარუსი იყენებენ. 

AlgorithmWatch-ის ცნობით, Papillon AO ისევე როგორც საქართველოში მოქმედი ნებისმიერი სხვა რუსული კომპანია, რუსეთის კანონმდებლობის მიხედვით ვალდებულია, მოთხოვნის შემთხვევაში, ითანამშრომლოს რუსეთის უსაფრთხოების სამსახურებთან.

გამოძიების მიხედვით, Polyface 3.7.0 სახის ამოცნობის სისტემის უახლესი ვერსია შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2025 წლის ივნისის დასაწყისში მიიღო. იმ დროისთვის საპროტესტო აქციებზე მდგომი მოქალაქეების მასობრივი იდენტიფიცირება და მათთვის აქციებზე დგომის გამო ჯარიმების დაკისრების პროცესი უკვე დაწყებული იყო. 

„Polyface დაფუძნებულია ღრმა სწავლების ამოცნობის ალგორითმზე, რომელიც შექმნილია ნოვოსიბირსკში დაფუძნებული რუსული ხელოვნური ინტელექტის კომპანიის 3DiVi-ს მიერ. კომპანიას მხარს უჭერს რუსეთის სახელმწიფო საინვესტიციო ფონდი.

სისტემას შეუძლია მაღალი გარჩევადობის გამოსახულებების გადაღება მრავალრიცხოვანი შეკრებების დროს, მათ შორის ცუდი განათების პირობებშიც, ასევე სახეების ამოცნობა მაშინაც კი, როდესაც ადამიანები ნიღბით არიან ან სახე ნაწილობრივ აქვთ დაფარული.

ტენდერის დოკუმენტაცია აჩვენებს, რომ სამინისტრომ სპეციალურად მოითხოვა ლიცენზიები ოპერატორების შეუზღუდავი რაოდენობისთვის. 2025 წლამდე სისტემას ერთდროულად მაქსიმუმ 30 ოპერატორის მუშაობის შესაძლებლობა ჰქონდა. ეს ცვლილება მიუთითებს, რომ სამინისტროში გაიზარდა მოთხოვნა უფრო მასშტაბური საპროტესტო აქციების მონიტორინგზე.

სახეების კონკრეტულ პირებთან დასაკავშირებლად სისტემა იყენებს „ერთიან საინფორმაციო ბანკს“, რომელიც სამოქალაქო რეესტრში დაცულ ფოტოსურათებზე წვდომას უზრუნველყოფს.

პროგრამას ასევე შეუძლია ძიება სოციალურ ქსელებსა და სხვა გარე წყაროებიდან წინასწარ ჩატვირთული ფოტოების ბაზებში ძებნა. ეს ფუნქცია სამინისტრომ 2024 წელს მოითხოვა, რაც მიუთითებს, რომ სხვადასხვა პლატფორმაზე ერთდროული მეთვალყურეობა სისტემის ერთ-ერთ დაგეგმილ დანიშნულებას წარმოადგენდა“, – ნათქვამია გამოძიებაში.

AlgorithWatch-მა უსაფრთხოების კამერებიდან მოპოვებული ექსკლუზიური კადრების, საქართველოს მთავრობის სატენდერო დოკუმენტაციისა და Polyface-ის საჯაროდ ხელმისაწვდომი დოკუმენტაციის ერთმანეთთან შედარების საფუძველზე დაადგინა, რომ პროგრამა შესაძლოა სამი სხვადასხვა გზით გამოიყენებოდეს:

ავტომატური იდენტიფიცირება:

გამოძიების მიხედვით, Polyface რეალურ დროში ამუშავებს კამერის პირდაპირ გამოსახულებას, ხალხში თითოეულ ამოსაცნობ სახეს არჩევს და ეკრანზე რამდენიმე წამით აჩერებს — იმდენ ხანს, რომ პირის იდენტიფიცირებისთვის საჭირო გამოსახულება დააფიქსიროს.

ამის შემდეგ სისტემა ავტომატურად გადადის შემდეგ სახეზე. ეს პროცესი უწყვეტად მიმდინარეობს და კამერას ადამიანი არ მართავს.

ოპერატორის მიერ მართული ძიება:

თანამშრომელი ხელით მართავს კამერას, მიმართავს მას კონკრეტული პირისკენ, ადიდებს გამოსახულებას და რეალურ დროში ამოწმებს სახეს მონაცემთა ბაზაში.

გამოძიების მიხედვით, 2018 წლის ხელშეკრულება ერთდროულად 30 თანამშრომელს აძლევდა ამის შესაძლებლობას, ხოლო 2024 წლის ხელშეკრულებით ეს შეზღუდვა გაუქმდა.

საგანგაშო შეტყობინებები (Watchlist alerts):

სისტემაში წინასწარ იტვირთება ინტერესის საგან პირთა სია — აქტივისტები, საპროტესტო აქციების ორგანიზატორები, ადრე დაჯარიმებული დემონსტრანტები ან პირები, რომლებიც უსაფრთხოების სამსახურების წინა ოპერატიულ ღონისძიებებში იყვნენ იდენტიფიცირებულნი. როდესაც კამერა ამ სიაში მყოფ პირს აფიქსირებს, Polyface დაუყოვნებლივ გასცემს შეტყობინებას. AlgorithmWatch-ის ცნობით, ეს ფუნქცია სისტემაში ჯერ კიდევ 2013 წლის პირველი შესყიდვიდან არსებობს.

„ეს პროგრამა მხოლოდ იმას არ ადგენს, ვინ არის კონკრეტული ადამიანი — მას შეუძლია აღადგინოს პირის მთელი საპროტესტო ისტორია: როდის მივიდა აქციაზე, რამდენ ხანს დარჩა, რამდენჯერ დაბრუნდა. თუ ადამიანი ერთხელ მაინც იდენტიფიცირდა რომელიმე აქციაზე, სისტემას შეუძლია ის ყველა სხვა დაფიქსირებულ ღონისძიებაზეც მოძებნოს“, — განმარტავს გამოძიებასთან ქართველი კიბერუსაფრთხოების ექსპერტი გიორგი ლუბარეცი.

AlgorithmWatch-ის თანახმად, სახის ამოცნობის სისტემები მხოლოდ ავტორიტარული სახელმწიფოებისთვის არ არის დამახასიათებელი. მსგავსი ტექნოლოგიური არქიტექტურა ევროპის მრავალ ქალაქსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც არსებობს, თუმცა განსხვავება, ჯერჯერობით, პოლიტიკურ ნებაშია – საქართველოში ამ სისტემას პროტესტის ჩასახშობად იყენებენ.