ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი პარლამენტს სომეხთა გენოციდის აღიარების შესახებ კანონპროექტს წარუდგენს

პუბლიკა

ავტორი: ნეიტ ოსტილერი

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიდეონ საარმა განაცხადა, რომ გეგმავს, ქვეყნის პარლამენტში წარადგინოს კანონპროექტი სომეხთა გენოციდის ოფიციალურად აღიარების შესახებ.

X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში საარმა დაწერა, რომ რეზოლუციას პარლამენტს „უახლოეს სხდომაზე“ წარუდგენს.

„ოსმალეთის იმპერიის არსებობის ბოლო წლებში სომეხი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი გენოციდის აღიარება როგორც მორალური, ისე ისტორიული მოვალეობაა. ჩვენ ასევე მტკიცედ უნდა დავგმოთ ისტორიული სიმართლის ნებისმიერი უარყოფა, დაკნინება ან დამახინჯება“, – წერს საარი.

სომეხთა გენოციდის აღიარება ისრაელისთვის კვლავ პოლიტიკურ საკითხად რჩება თურქეთთან რთული ურთიერთობების გამო, რომელიც, როგორც ოსმალეთის იმპერიის სამართალმემკვიდრე სახელმწიფო, გენოციდს უარყოფს.

სხვები მიირჩნევენ, რომ ისრაელის მიერ ამ ფაქტის აღიარება დააკნინებდა ჰოლოკოსტის, როგორც მსხვერპლთა რაოდენობის თვალსაზრისით ისტორიულად უნიკალური გენოციდის სტატუსს.

მესამე ფაქტორია ისრაელის მჭიდრო კავშირები აზერბაიჯანთან, რომელიც პირდაპირ უარყოფს გენოციდს და თურქეთთან ერთად მის აღიარებას აქტიურადაც ეწინააღმდეგებოდა.

სომხები თურქეთის საკონსულოს წინ მართავენ დემონსტრაციას სომეხთა გენოციდის მე-100 წლისთავის აღსანიშნავად, იერუსალიმი, 2015 წლის აპრილი. (AP ფოტო/ოდედ ბალილტი)

სომხები თურქეთის საკონსულოს წინ მართავენ დემონსტრაციას
სომეხთა გენოციდის მე-100 წლისთავის აღსანიშნავად, იერუსალიმი, 2015 წლის აპრილი. (AP ფოტო/ოდედ ბალილტი). 

2025 წელს ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა მასობრივი მკვლელობა გენოციდად მიაჩნია.

ეს მან ამერიკელ პოდკასტერ პატრიკ ბეთ-დევიდთან ინტერვიუში თქვა. ბეტ-დევიდს სომხური და ასირიული წარმომავლობა აქვს. ბეთ-დევიდი საკმაოდ წინააღმდეგობრივი ფიგურაა, რომელიც ცნობილია შეთქმულების თეორიების გავრცელებითა და ჰოლოკოსტის უარმყოფელებისთვის პლატფორმის დათმობით.

ამავე ინტერვიუში ნეთანიაჰუმ მცდარად განაცხადა, რომ ისრაელის პარლამენტმა უკვე აღიარა გენოციდი, თუმცა ის შესაძლოა გულისხმობდა ისრაელის პარლამენტის განათლების, კულტურისა და სპორტის კომიტეტის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარებას ჯერ კიდევ 2016 წელს, რაც არ წარმოადგენს ოფიციალურ აღიარებას სახელმწიფო დონეზე.

ისრაელის პარლამენტში ადრეც ყოფილა მცდელობები, ოფიციალურად ეცნოთ გენოციდი შესაბამისი კანონპროექტის მიღებით, თუმცა საბოლოოდ არც ერთი მათგანი არ დამტკიცებულა.

სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.