საქართველოს სომეხთა სათვისტომო აცხადებს, რომ დღეს, 24 აპრილს თურქეთის საელჩოსთან სომეხთა გენოციდის შესახებ ღონისძიების ჩატარების უფლება არ მისცეს.
„შსს-სგან მიღებული პასუხის მიხედვით, არსებობს განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევის ალბათობა“, – აცხადებს სათვისტომო.
24 აპრილი სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის დღეა. წელს სომხეთი გენოციდის 111 წლისთავს აღნიშნავს.
საქართველოს სომეხთა სათვისტომო აცხადებს, რომ მათთვის ტრადიციად ქცეული ღონისძიების ჩატარების შეზღუდვა ეწინააღმდეგება დემოკრატიული საზოგადოების ფუნდამენტურ ღირებულებებს, მათ შორის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, რაც საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ვალდებულებებით არის დაცული.
„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მრავალეთნიკურ და მრავალკულტურულ სახელმწიფოში თითოეულ საზოგადოებას ჰქონდეს შესაძლებლობა, მშვიდობიანად და ღირსეულად გამოხატოს საკუთარი ისტორიული მეხსიერება და სამოქალაქო პოზიცია.
აღნიშნული დღე ჩვენთვის არა მხოლოდ ისტორიული მეხსიერების შენარჩუნების სიმბოლოა, არამედ ღირსებისა და სამართლიანობის დაცვის მშვიდობიანი გამოხატულება. ამ ღონისძიების ფარგლებში ჩვენ პატივს ვაგებთ უდანაშაულო მსხვერპლთა ხსოვნას და ამავდროულად ვაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას ისტორიული სიმართლის აღიარების აუცილებლობის შესახებ.
ჩვენ განვსჯით საქართველოს ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას, რადგან ეს ჩვენი, როგორც საზოგადოების ნაწილის უფლებაა კანონიერად ჩავატაროთ აღნიშნული ღონისძიება მშვიდობიან, ორგანიზებულ და ღირსეულ გარემოში.
გვჯერა, რომ ურთიერთპატივისცემა, დიალოგი და სამართლიანობის პრინციპებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები არის ის საფუძველი, რომელიც კიდევ უფრო გაამყარებს საქართველოს, როგორც დემოკრატიული და მრავალფეროვანი საზოგადოებას“, – ნათქვამია საქართველოს სომეხთა სათვისტომოს განცხადებაში.